მე მინდა შემოგთავაზოთ ჩემი საყვარელი ლექსები, რომლებიც ძალიან მიყვარს ♥
გალაკტიონ ტაბიძე- უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ….
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს…
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
მირზა გელოვანი -ნუ მწერ
ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,
რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.
წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.
ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.
ნუ მომწერ. ისეც ვიცი, რა გვარი
ფერებით ყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.
მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, –
გეტყვი, რომ მოვედ ბროძლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.
გოგა ტრაპაიძე-გაზაფხულია
გაზაფხულია… შენს თითებზე ცოცხლობს აპრილი!
ციდან კოკორზე დაფენილი მხვდება აისი…
დაისს ეპნევა უმოწყალოდ ატმის ყვავილი…
დაზაფრულია, ეს სურნელი ჩნდება მაისში!
თბილი ჰაერი, წვიმისაგან ქუჩა ნატიფი,
სველი, წაშლილი ყველა კაცის თითო ნაბიჯი…
ეს სიცოცხლე კი მზის სხივებით გადანაფიქრი
ხეტიალშიც კი თავს მახსენებს ფერით, ხალისით!
გაზაფხულია… როგორ მიყვარს ჟრჟოლვა აპრილის!
მომწონს ამ მარტის არეული განცდა წადილის!
აღმაფრთოვანებს ვარდობისთვის ქარის მანდილი…
ხო, გაზაფხულდა! სიყვარული მოდის აშლილი!
აკაკი წერეთელი-სულიკო
საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე… დაკარგულიყო!…
გულამოსკვნილი ვჩიოდი:
“სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”
ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო;
გულის ფანცქალით ვკითხავდი:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა… თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო;
მივეხმატკბილე ჩიტუნას:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა: “დიახ, დიახო!”
დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო;
მას შევეკითხე შეფრქვევით:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა:
“ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!
სამად გაშლილა ის ერთი:
ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდადო,
თქვენ ერთმანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო”.
მენიშნა… აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩივი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!
ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა,
და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!
ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდი რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ,
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!..
ტერენტი გრანელი-გაზაფხულის საღამო
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
ნიკო გომელაური
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე
ნათია ილურიძე-ქარავანი
მიდის მოდის ქარავანი,
უდაბნოში წვება ქარი,
ქვიშას ისხამს მშრალ სხეულზე,
რა ვუყოთ, რომ არ ჩანს ნამი.
მიდის მოდის ქარავანი,
პირამიდებს ასდით ალი,
კაცსა სფინქსის შემხედვარეს,
შეშურდება სახე წყნარი..
უსაშველო სიმშვიდეა,
ხმის გამცემი არსად არვინ,
სევდა შავით შემოსილა,
ჩადრის შიგნით მოსჩანს ქალი.
რა აწუხებს, რა ჯიშისა,
მხოლოდ სფინქსის ხედავს თვალი,
ცხელი სილა მხურვალე მზე,
მიდის მოდის ქარავანი..
თორნიკე ნაროზაული-ადიდეთ უფალი
ადიდეთ უფალი ცანო ცათანო!
ადიდეთ უფალი ზღვიდან და ზეციდან!
ადიდეთ უფალი მელავ და ქათამო!
ადიდეთ უფალი ციდან და ზე ციდან!
ადიდეთ უფალი მთვარევ და ვასრკვლავნო!
ადიდეთ უფალი თოვლო და მზეებო!
ადიდეთ უფალი ყოველნო მაშვრალნო!
ადიდეთ უფალი წლებო და დღეებო!!!!
ადიდეთ უფალი წყლებო და მიწებო!
ადიდეთ უფალი სეტყვავ და ქარებო!
ადიდეთ უფალი ფოთლებო, წიწვებო!
ადიდეთ უფალი კაცებო, ქალებო!!!
ადიდეთ უფალი სეტყვავ და ქარბუქო!
ადიდეთ უფალი თოვლო და წვიმებო!
ადიდეთ უფალი გალობით ჭაბუკნო!
ადიდეთ უფალი სინათლის სხივებო!!!
ადიდეთ უფალი მთებო და ველებო!
ადიდეთ უფალი ხეებო, კედრებო!
ადიდეთ უფალი სიმართლის მცველებო!
ადიდეთ უფალი სიმართლის მხედრებო!!!
ადიდეთ უფალი მხეცო და ფრინველო!
ადიდეთ უფალი ცის ანგელოსებო!
ადიდეთ უფალი ბოლოვ და პირველო!
ადიდეთ უფალი გალობით მგოსნებო!!!
ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი!
და სული შესწიროს – შესწიროს არსება!
ადიდოს ბაგემ და ადიდონ ენებმა!
ადიდოს უფალი გულების სასვებამ!!!
ნიკოლოზ ბარათაშვილი-სული ობოლი
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,
ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!
მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!
არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,
ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!
ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!
მეიდანში ვსახლობ,
საიათნოვას მეზობლად,
იეთიმ გურჯთან ახლო.
ერთი ჭიქა მაღირსე,
სირაჯხანის დახლო,
ხმა ყელში გაჩხერილი
ლექსად ავიმაღლო,
ჩემს თავს ვუთხრა: გამაგრდი,
ნურაფერზე ნაღვლობ,
კოჭლობით არ მოკვდები,
ქალაქელო ძაღლო!
კარგი ლექსებია , მომწონს
დავტკბი რა კარგია თათოო :*
ჩემი სუსტი წერტილი ❤
:)) ♥
Reblogged this on poezia.