Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

tumblr_n3x4kktqe81tp0a3so1_500.gif   როცა ოთახი სავსეა უშენობით, ჰაერზე მეტი სევდაა დაგუბებული, სულის ტკივილამდე მივდივარ და ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს… კარს აწყდება ათასი ფიქრი, ოღონდ ყველა შავთეთრი და რუხია, კუპრისფერია და ტკივილნარევი. მახველებს და აღარ ჩერდება ეს ოხერიც, მაიძულებს რომ ვისუნთქო, რომ არ გავიგუდო, არ მინდა სუმთქვა, არ მინდა არაფერი, არაფერი არ მინდა უშენოდ.. მე ხომ შენთვის ვცოცხლობდი, ვსუნთქავდი, ვიღიმოდი და ვწერდი…
აღარ მინდა, გათენება, ჩიტეების სტვენა, იმიტომ რომ დავყრუვდი და დავბრმავდი. გავიყინე. რატომ უნდა გადაგჩვეოდი? რატომ უნდა დამეკაეგე, შენ ხომ ჩემი პოეტი იყავი, ჩემი ღიმილის პოეტი, ჩემი ბედნიერების ზღვა და დაუსრულებელი სიფერადე..

   ამიტომ მგონია დღეს, რომ ყველაფერი ტყუილია დედამიწაზე, რომ ადამიანები თავს იტყუებენ ყოველ დღე, რომ ვითომ უყვართ…. ყველაფერი ერთი დიდი სიცრუეა და არარაა..

 

 

1
– უკაცრავად. თქვენი სახელი?
– გოჩა.
– გვარი?
– ჩიფიკაშვილი.
– რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
– თექვსმეტის.
– შეყვარებული თუ გყავს?
– შეყვარებული?
– ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
– რავი აბაა!
– რა ჰქვია?
– ვის?
– შენს შეყვარებულს.
– არ ვიცი.
– როგორ, სახელი არ იცი?
– არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
– როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
– რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2
– მართა პირველი.
– ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
– მართლაა!
– ძალიან მომწონს.
– უი, დიდი მადლობა.
– მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
– უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
– რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
– არა, მე გათხოვილი ვარ!

3
– თქვენი სახელი?
– ჩემი?!
– დიახ.
– კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.
– თქვენ რომელი გირჩევნიათ?
– მეე, ნიკო.
– რა გვარი ბრძანდებით?
– ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.
– ცოლ-შვილი გყავთ?
– პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.
– რას იტყვით, რა არის სიყვარული?
– არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?
– შვილების სიყვარულზე რას იტყვით?
– აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!
– ხომ ნახულობ?
– არა, ალიმენტ უგზავნი.

4
– რომელ კლასში ხარ ლადო?
– მეოთხეებში გადავდივარ.
– რა ნიშნები გყავს?
– რავიიი!
– შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?
– ორებს კი არა, ისაა.
– მაშ, რა ნიშნები გყავს?
– ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.
– რა გვარი ხარ?
– წიკლაური.
– შეყვარებული ხომ გყავს?
– შეყვარებული არა, ისაა!
– მე რომ მითხრეს ჰყავსო?
– არაფერიც.
– შენი კლასელია?
– ვინა?
– ის გოგო, შენ რომ გიყვარს.
– არავინაც არ მიყვარს.
– მე რომ მითხრეს?
– რა გითხრეს?
– ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.
– უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.
5
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
– მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.
– რა ასაკი.
– აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.
– თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .
– დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.
– მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?
– სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.
– მერე?
– მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.
– რატომ, არ გიყვარდათ?
– ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?
– მაინც?
– გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?
– მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?
– მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?
– გააჩნია, რა შემთხვევაში.
– ხომ გითხარი?
– რა მითხარით?
– ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.
– შერიგებას არ აპირებთ?
– ვისთან, იმასთან?!
– უკაცრავად.
– არაფერზე.
– და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?
– ვისზე ამბობთ?
– თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.
– ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.
– მერე რა უთხარით?
– ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.
– მერე რა გაარკვიეთ?
– თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.
– და ვეღარ შეხვდით?
– მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.
– არ მოვიდა?
– ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.
– და აღარ გჯერათ?
– არავითარ შემთხვევაში.
– და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
– რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს
6
– ბებოო?
– რაო, შვილო?
– სიყვარული რა არის?
– სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!
7
– ჩემი სახელია აპოლონი.
– გვარი?
– მღებრიშვილი.
– სად მუშაობთ?
– იქ.
– სად იქ?
– ნუ, რა საჭიროა?
– შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?
– ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.
8
– ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.
არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.
არ მწამს და მამკალ, აჰა!
9
მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის, მკითხველო?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
– მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას.
და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
– დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

 

ფოტოკრებული...

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.

ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებებს
და დასკდებიან ატმის კვირტები
და მეც ვითარცა ახლად გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.

შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
მოვარდნილ მეწყერს და ძუ ავაზას!
გეტყვი, მითხარ: აპრილი გათბობს,
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?..

გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება,
მოვა დღეები წყურვილები და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები, შემოგახევ მოცისფრო კაბას,
თუ შენი ნებით, შენი ნებით არ გაშიშვლდები! . .

ფოტოკრებული...

ფოტოკრებული...

ფოტოკრებული...

ფოტოკრებული...

ფოტოკრებული...

ფოტოკრებული...

ფოტოკრებული...

 

და ბოლოს დამამშვენებელიიიიი … :))))

 

 

  • გულის წყევლა არ შეიძლება, ბატონო, გულს მოფერება და სულის ბერვა უნდა, ცეცხლზე შემდგარი რძესავით.
  • სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი.ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან შესაწირავის მიტანა.
  • გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით.

  • მარადისობის კანონის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ … ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ, არ დავვობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…♥

 

“მომღერალი” ხე

image “მომღერალი” ხე, რომელიც ქარის ენერგიით იკვებება და გამოსცემს სხვადასხვა ჟღერადობის ხმებს, მდებარეობს ინგლისში Pennine-ს ველზე.

მშენებლობა დასრულდა 2006 წელს, დიზაინის არქიტექტორები არიან Mike Tonkin და Anna Liu of Tonkin Liu, ხე არის 3 მეტრი სიმაღლის კონსტრუქცია, რომელიც ფოლადის მილებისგან შედგება და ქარის ოდნავი დაბერვის დროსაც კი გამოსცემს საგუნდო ხმებს, რომელიც რამდენიმე მუსიკალურ ოქტავას მოიცავს.

2007 წელს ქანდაკებამ მოიგო ეროვნული პრემია Royal Institute of British Architects (RIBA) (ბრიტანეთის არქიტექტურის სამეფო ინსტისტუტი), როგორც საუკეთესო არქიტექტურა.

image    image

იხილეთ ვიდეო

დავით ლომაია

დავით ლომაია დაიბადა 1993 წლის 21 იანვარს ქ.გორში.  მან წერა 13 წლის ასაკში დაიწყო. დავითმა პირველი კრებული სახელწოდებით -” ცხრამეტი”  გამოუშვა  2012 წელს. როგორც გორის ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირის პრეზიდენტი ბატონი დავით ახლოური იტყოდა:  “დათოს დიდი მომავალი აქვს.  ავტორი პოეტადაა დაბადებული, ღვთის მადლითაა მირონცხებული მისი თითოული სტრიქონი.  დანარჩენს ლექსები იტყვიან”.

 ლ ე ქ ს ე ბ  ი 

 

 ზამთარდახეული ქუჩა,
ბამბის ყვავილებით კერე,
ცივი სიცხეების მერე
ამინდს გაუსწორე თმები . . .

გარეთ – სიცივეა,დედა,
შიგნით – შენა ხარ და ვთბები.

 ცხრამეტი

ცხრამეტის გახდი, მეცხრამეტე შეირხა ტოტი
სიცოცხლის ხეზე ღმერთი რომ ჰყავს ფესვად და ფუძედ.
ერთმანეთისგან ცას და მიწას არასდროს ყოფდი,
თვლა არ გიყვარდა, (ამიტომაც იზრდები უცებ).

სახლიდან გასულს გაზაფხული გრჩებოდა უკან,
ზეცა მოგდევდა სკოლისაკენ მზისფერი ჩანთით,
შენ როგორც განძთან მისასვლელი პატარა რუკა,
უბრალო, მაგრამ სამყაროსთვის ძვირფასი ჩანდი.

ცისარტყელაზე სასრიალოდ დაჰყავდი წვიმას,
ეკიდე წვეთებს – გეშინოდა გაშვება ხელის,
ცხრამეტის ხარ და კვლავ ღრუბლების ბალიშზე გძინავს,
შენი გული კი ისევ ნამდვილ სიყვარულს ელის.

დრო გადის, მაგრამ ასე სწრაფად ვერ იგებ როგორ,
გიხდება კაბა, გვირგვინი და ვარდების ტახტი,
დღეს უფლისათვის ბაფთიანი პატარა გოგო,
ჩემთვის კი უფრო ცხრამეტი წლის პრინცესა გახდი.

 

ნოემბრის სუსხი 

ნუ  ვისაუბრებთ რაზეც ახლა ყველა საუბრობს,

უბრალოდ ლურჯად დაგუბებულ ზღვებში იცურე,

მოდი, შეხედე, რამხელაა ლექსის საუფლო –

ამოიკითხე თვალებიდან ჩემი სიჩუმე.

მთვარე სავსეა, მერამდენე ბოთლი მეცლება,

ქუჩის ძაღლივით შემეჩვია სახლში სიმთვრალე,

მოდი, ცოტა ხნით დავივიწყოთ დროის შეგრძნება,

მერე თუ გინდა ყველა წუთი წამში ითვალე.

ღვინოსთან ერთად შოპენი და ლისტი დამჩემდა,

თვლემენ თვალები უძილობით დაქანცულები

როს ყოველ ღამით შენი სახლის ციცქნა ფანჯრებთან

ჩემი ფიქრები ბავშვებივით დაბანცალებენ,

ეკიდებიან არგაცემულ პასუხს კითხვები,

ორივემ ვიცით მოუხდება ღამეს რა უფრო,

ნურაფერს იტყვი თვალებითაც უმალ მიხვდები,

რომ მინდა მხოლოდ სიყვარულზე გაგესაუბრო.

 

მონატრება 

არაფერი ყველაფერზე მეტი არი,

რადგან წვეთებს დანაკარგით ვაფასებთ,

მომენატრა ღამით შენში ხეტიალი,

და ლექსიდან გამორტყმული ნაფაზი.

არაფერი,  ბაფთიანი შემოდგომა,

მზესთან ერთად დაბრუნება სკოლიდან

ფანჯრებიდან მონატრებამ შემოთოვა

და უბრალოდ შენთან ყოფნა მომინდა.

 

სამადლობელი  

როცა იწყება ყველაფერი დასასრულიდან,

მაწვიმს სამყაროს გამომშრალი კანიონები,

ჩემი სიცოცხლით სიკვდილს ისევ საფლავს ვუთხრი და

სირთულეები უფრო მეტად მაიოლებენ.

ადგომას ვსწავლობ, როცა მიწას მუხლით ვეცემი,

ხშირად ვერ ვხედავ, თუმცა ვიცი, არ ვარ უთვალო,

მგლები მომრავლდნენ და კრავებიც გახდნენ მხეცები,

ახლა რომ ვსუნთქავ ამისთვისაც გმადლობ. უფალო!
 

 

წვიმა 

წვიმის სისველე ოთახში აღწევს,

არც დღეს ვაპირებ ძილს,

შენი გემო აქვს საბანს, სარეცელს,

ქუჩაში ისევ წვიმს…

მივყვები შენი კანის ქვაფენილს,

თმებზე წაქცევა მსურს

და  ვკრეფ შენს თვალებს თოკზე გაფენილს,

წამწამებს, ფიქრებს, სულს.

შენი ტუჩების სუნი მახელებს,

სუნთქვა ქარივით მხევს,

ვგრძნობ სიახლოვეს, მუხლებს, ბაგეებს,

გულზე დადებულ ხელს.

ჩემში ხარ,  ვნება დნება ბალიშზე,

ულექსო ფურცლებს ვწვავ,

შენი წყლიანი კოცნის გარეშე

უჰაეროა ცა,

წვიმის წვეთები მინდა დამეცეს,

არც დღეს ვაპირებ ძილს,

შენი გემო აქვს საბანს, სარეცელს –

ქუჩაში ისევ წვიმს…

 * * *

ზამთარია,

ქარი მიშლის ბაღში

თოვლის ხალიჩებს,

ქუჩაში კი თებერვალმა,

თეთრი ფიფქი მოცრა,

ისეთ ძლიერ სიხარულს

არაფერი მანიჭებს,

როგორც შენი ხილვა და

ცეცხლისფერი კოცნა.

თაფლიანი ლოყები

ეყინებათ ბეღურებს,

სოკოსავით იზრდება

აივნებზე ლოლო,

გეფიცები, ძვირფასო,

მაგ თვალების შემყურეს

მავიწყდება სიცოცხლის

საწყისი და ბოლო,

აი, უკვე საცაა

მარტი შემოაბიჯებს,

გაუჯდება ღეროებს

სასურვე…

 

 

ბავშვობის სურათი ( ეკას ) 

გაცრეცილ სურათს უყურებ,

ვიცი, ფიქრებით აივსე,

იხსენებ ძვირფას წუთებს და

თვალებს წარსულში ნაბავ,

შეხედე, მოგონებების

ამ უზარმაზარ საკიდზე

რა სწრაფად პატარავდება

შენი ბავშვობის კაბა.

ერთად რამდენი გვივლია,

ალბათ უფრო მეტს გავივლით,

ვერ შევუკარით ზონარი,

დარდში გაცვეთილ კეტებს,

ასე მგონია ღობესთან

ჩვენთვის ნაცნობი ყვავილი,

ხელიხელჩაკიდებულებს

ისევ ეზოში გვეძებს.

  
 

ავტობუსის გაჩერება (ბაქარს)  

ბალახებში შემძვრალი მწყრები ხეებს ჭორავენ,

იჟონება სიცრუე გარღვეული ჯიბიდან,

მთელი ჩემი ქალაქი,როგორც მოდის ჟურნალი

რაღაც მოჩვენებითმა სილამაზემ იყიდა .

გაციებულ გულებში სიბინძურე ბანაობს,

ფეხებშუა დაძვრება ერთმანეთის ღალატი

და ჩვენივე განავლით გაჭედილი ,,კანაო“

ალბათ მალე მიაღწევს ეკლესიის კარამდე.

ერთხელ გაზომილსა და ასჯერ გაჭრილ სამშობლოს,

მართლაც ჯორის ძალა და მოთმინება ჰქონია,

ერთმანეთის სახლამდე ნაბიჯები გვაშორებს,

ერთმანეთის გულამდე გაცილებით შორია.

სიჩუმისფერ მუსიკას შეერია ხმაური,

სავსე ნაგვის ბუნკერთან გემოვნება წკმუტუნებს,

ოჰ, რა მტკივნეულია შენს ქუჩას რომ ჩაუვლი

და იხილავ სიყალბით განათებულ უკუნეთს.

შეუფასებლობიდან ყველაფერი შეფასდა,

ძველებური პიესა ახლებურად პიესობს

და ყოველდღე ქალაქის ყველა გაჩერებასთან

ისევ ჯვარცმას მოელის ცრემლიანი იესო.

 

 

ზამთრის პატიმარი

უკვე მერამდენე დღეა ილუზიურ
ამინდს აავდრებენ ჩემი საფერთქლები,
ფიქრის თერმომეტრზე ცივი მინუსია
გარეთ ღიმილისფერ გუნდებს აფეთქებენ.

უკვე მერამდენე დღეა შენებურმა
სუნთქვამ სიმამაცე მინდა მაიძულოს,
შენი სიყვარული ისე შემეპურა,
როგორც ზიარების წმინდა საიდუმლო,

ბოთლით მოყუდებულ ღამის პოეზიას
ღრუბლის ძირებიდან წყალი შეუვიდა,
უკვე მერამდენე დღეა მომეჩვია
გრძნობა მოგზავნილი შენი სხეულიდან

ფიქრი საკანია სიტყვებშენისლული,
თოვლმა წინასწარი ლექსი შემიფარდა,
უკვე მერამდენე დღეა შემიძულეს,
უკვე მერამდენე დღეა შემიყვარდა…

 

 

საგზაო ნიშნები

ქალაქში ყველა ამკრძალავ ნიშანს
აკლია ერთი :
უშენობა

 

***

როცა თითები
სიყვარულის ცეცხლთან
თბებიან,
გულში მესობა
მზის სხივები,
როგორც ეშვები,
ასე ლამაზს და
ყვავილივით ასე ვნებიანს
ვეღარ გეშვები.

 

 

ვედები

ხმაურში მეტი სიჩუმეა,
ვედები კედლებს,
ზედმეტი ცოდნით გამოუწვარ
ყვითელ აგურებს.

ვედები ქალაქს,
სადაც თვალი არაფერს ეძებს,
გამაძღარ შიმშილს ვედები და
ლექსი მაპურებს.

ვედები ფერდებს ,
დალურჯებულ თავისუფლებას –
უსცენო თეატრს,
სადაც აღარ უშვებენ ფარდას,
ქალაქს,რომელშიც არაფერი არ იზღუდება
ხმაანთებული ფიქრისა და
სიმართლის გარდა.

 

 

 

 

” რა ამბავია? _ ჰკითხა ზღვამ ოთახში შესულ მზეს.
_ ადამიანი კვდება! _ უპასუხა მზემ.
_ ასე უბრალოდ კვდება და მეტი არაფერი? _ ჰკითხა გაკვირვებულმა ზღვამ.
_ ექიმებმა უკვე მიატოვეს.

_ თქვა მზემ და მხრები აიჩეჩა.
_ შენ ნუ მიატოვებ. _ უთხრა ზღვამ.
_ როგორ თუ მივატოვებ, ჩემი გაჩერება ვინ გაიგონა?! _ გაუკვირდა მზეს.
_ ნუ მიატოვებ _ გაუმეორა ზღვამ.
_ მე რას ვუშველი, კვდება, ესეც არ იყოს ადამიანებმა უკვე მიატოვეს.
_ შენ ადამიანებს რას უყურებ, ადამიანები ძალიან ხშირად და ადვილად ტოვებენ ერთმანეთს. შენ თუ არ მიატოვებ ადამიანი არ მოკვდება. ნუ მიატოვებ! _ სთხოვა ზღვამ მზეს ”

ავტორი ნოდარ დუმბაძე 

Wybie's

be careful what u write for

ნინის ბლოგი   ♥ ♥

ყველაზე თავისუფალი , ყველაზე ყველაზე ჩემებური ბლოგი <3

ლამაზმანი

ჩემი საყვარელი ფილმი

თეკოს ბლოგი

თანამედროვე კაცის ,,ჯიბის წიგნაკი"

maryalenn

სადაც ყოველთვის გელიან

tamunaberianidze

Just another WordPress.com site

poezia

Just another WordPress.com site

მაკოს ბლოგი

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

მუსიკოსის ბლოგი

"ტაში, მეგობრებო! კომედია დასრულებულია" - ბეთჰოვენი (უკანასკნელი ფრაზა)

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

Butterfly's Blog

... მშვიდი ცურვა ეიფორიაში...