Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი 2nd, 2012

    რაც არ იწვის, არ ანათებსო, თქვა აკაკი წერეთელმა. ჩემი აზრით, ეს ნათქვამი ზედმიწევნით ესადაგება პოეტს და ლირიკულ პოეზიას. პოეტის ლექსი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა მანათობლად, თუ პოეტი იწვის. შინაგანი წვის, ღრმა და მძაფრი განცდის გარეშე დაწერილი ლექსი ყოველგვარ ნათებას მოკლებული იქნება. სიტყვა “ნათება” მეტაფორულად ადამიანის გულზე და გონებაზე, მის გრძნობებზე და ფიქრებზე ზემოქმედების უნარს აღნიშნავს.არსებობს ტექნიკურად დახვეწილი, ვერსიფიკაციულად უნაკლოდ შესრულებული ლექსი, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ნათებას და არსებობს ამავე დროს ლექსი, რომელსაც ტექნიკურ ხარვეზებთან ერთად მკაფიო ნათებაც ახლავს.მაშასადამე, ლექსის დანიშნულება ნათება ყოფილა. თუ ასეა, ლექსი, რომელიც თავის ნათებას, თავის გამოსხივებას, თავის ფლუიდებს ვერ გადასცემს ადამიანს, არც უნდა მივიჩნიოთ ნამდვილ ლექსად ანუ პოეზიად.

ასეთ შედარებას მოვიყვან:  ნათურის გამყიდველი ჯერ სინჯავს ნათურას და მერე სთავაზობს მყიდველს. თუ მინის ჭურჭელში ჩამაგრებული პაწია ვოლფრამის მავთული ელექტროდენის გამტარია და ინთება, მაშინ ნათურის შეძენას აზრი აქვს, ის თავის დანიშნულებას შეასრულებს. სხვა შემთხვევაში, ნათურა მაღაზიის დახლზე უნდა დარჩეს. ძნელი წარმოსადგენია ისეთი მყიდველი, რომელიც ნაკლოვან ნათურას მაინც შეიძენს.

     სამწუხაროდ, სხვაგვარადაა საქმე პოეზიაში. პოეტები, რომელთა წიგნად გამოცემული ლექსები ნათებას მოკლებულნი არიან, ხშირად იკავებენ ადგილს შინ თუ გარეთ, ბიბლიოთეკებში, წიგნის თაროებზე. უფრო მეტის თქმაც შეიძლება, ისინი იკავებენ ადგილს ათასგვარ ანთოლოგიებში.

ისმის კითხვა: რატომ? რა ხდება?

   საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივი ნათურისგან განსხვავებით, ლექსის ნათება თვალით სახილველი არ არის. ამ ნათება-არნათების დანახვა თვალით რომ იყოს შესაძლებელი, მაშინ ნათებას მოკლებული პოეტების ლექსები ვერ დაიკავებდნენ გარკვეულ ადგილს ლიტერატურის აპარტამენტებში. ლექსის ნათება-არნათების დანახვას განსაკუთრებული “ორგანო”, ერთგვარი მეექვსე გრძნობა ესაჭიროება, რომელიც ძალზე ცოტა ადამიანს გააჩნია. არადა, საამისო პრეტენზია თითქმის ყველას აქვს, ვინც წერა-კითხვა იცის. სწორედ ამიტომაც ხდება, რომ ხშირად არაპოეტებს გამორჩეულ პოეტებადაც რაცხავენ.შეცდომას უშვებენ არა მხოლოდ წერა-კითხვის მცოდნენი, არამედ ლიტერატურის ერუდირებული მკვლევარებიც. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ერუდიციას არაფერი აკავშირებს იმ თანდაყოლილ ნიჭთან, რომელიც მუსიკალური სმენის მსგავსია და პირობითად ლიტერატურული სმენა შეიძლება ვუწოდოთ.

    კარგად წერდა ზურაბ კაკაბაძე: “შორიდან ლიტერატურა, კერძოდ კი ლექსი, ყველაზე უფრო იოლად დასაძლევი სიძნელეა. მიზეზი საძიებელია იმ გარემოებაში, რომ მხატვრული შემოქმედების შესახებ შეუძლებელია მათემატიკური სიზუსტით მსჯელობა, აქ საჭიროა ინტუიტური ვარაუდი, მიგნება, ასე ვთქვათ, პოეტური გეში”. ცოტა ქვემოთ კი დასძენს: “განვითარებული, ღრმა ინტელექტი და სამყაროს გრძნობითი აღქმის განსაკუთრებული უნარი – აი, ორი ძირითადი ატრიბუტი, რომელიც აუცილებელია მხატვრული შემოქმედების პრეტენზიისათვის”.ამ ბოლო გამონათქვამში არა მხოლოდ პოეტი იგულისხმება, არამედ პოეზიის გამგები ადამიანი, კარგი მკითხველი.მართლაც, პოეზიას გაიგებს ის, ვინც შეიძლება ლექსს არ თხზავს, მაგრამ თვითონ არის თავის შინაგანი წყობით პოეტი. როგორც ვილჰელმ დილთაი ამბობს, ადამიანთა ბუნება ერთგვაროვანია, ამიტომ შესაძლებელია გადაილახოს საზღვარი “მესა” და “შენს” შორის: მსგავსი წვდება მსგავსს…ლიტერატურის ერუდირებული, პოეტური ალღოს უქონელი მკვლევარები არაპოეტებს პოეტებად აცხადებენ, პოეტებს კი არაპოეტებად. უგემოვნობა შეცდომებს წარმოშობს და ამ შეცდომების საფუძველზე ითხზვება ათასგვარი თეორიები. ხშირად მსმენია გალაკტიონის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები: “ბუნდოვანია”, “აზრის გამოხატვა უჭირს”, “არათანაბარია” და ა. შ. ყველა ეს და ამის მსგავსი შენიშვნა რთული ხელწერის ვერგაგების, ვერაღქმის გამოა გაჩენილი.როცა პირობითად სიტყვა “ნათებას” ვიყენებთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველი პოეტი განსხვავებულ და ზოგჯერ ძნელადაღსაქმელ ნათებას გამოსცემს. ამიტომ “დამნახველი თვალიც” განსაკუთრებულად დახვეწილი უნდა იყოს, რომ ეს ნათება მოიხელთოს.ლიტერატურის ისტორიაში დიდი პოეტების ვერგაგების არაერთი და ორი მაგალითი არსებობს, მაგრამ დრო მაინც თავისას შვრება და ყველას თავ-თავის ადგილს მიუჩენს ხოლმე. აქაც, რა თქმა უნდა, “დამნახველ თვალს” აქვს მნიშვნელობა. ჩემი აზრით, განსკუთრებულია უოტ უიტმენის ხვედრი.

    “ ბალახის ფოთლების” გამოცემის შემდეგ ყველასაგან დაწუნებულმა, განაპირებულმა და გაკიცხულმა უიტმენმა თვით ემერსონისგან მიიღო წერილი. ემერსონი ყველაზე უფრო ავტორიტეტული ამერიკელი მწერალი იყო და ლიტერატურული ისტებლიშმენტი მას ჯეროვან პატივს მიაგებდა. ის პატარა სოფელ კონკორდში ცხოვრობდა და ამიტომ “კონკორდიელ ბრძენკაცს” უწოდებდნენ. წერილის მიღებისთანავე უიტმენი ძლიერმა მღელვარებამ შეიპყრო.

    ემერსონი წერდა: “მარტოოდენ ბრმას არ ძალუძს იმის დანახვა, თუ რარიგ ძვირფასი საჩუქარია თქვენი “ბალახის ფოთლები”. სიბრძნის და ტალანტის მხრივ ეს თვითმყოფადი წიგნი აღემატება ყოველივეს, რაც კი ამერიკას შეუქმნია. ბედნიერი ვარ, რომ ვკითხულობ მას, რადგან უდიდესი ძალისხმევა მუდამ ბედნიერების მომნიჭებელია”.შორს რომ აღარ წავიდეთ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბრწყინვალე ნიჭიერება ვერ შენიშნა ვერცერთმა მისმა თანამედროვემ და ვერც სახელოვანმა ბიძამ გრიგოლ ორბელიანმა, და რომ არა ილია ჭავჭავაძე, ალბათ ბარათაშვილის ლექსები ჩვენამდე ვერცკი მოაღწევდა. ტიციან ტაბიძემ ილიას “თავისი დროის გემოვნების კანონმდებელი” უწოდა, არადა, ის მხოლოდ კანონმდებელი კი არა, პირველაღმომჩენიც იყო. ილიამ აღმოაჩინა და გამოაბრწყინა ნიკოლოზ ბარათაშვილიც და ვაჟა-ფშაველაც.

   რაც შეეხება გრიგოლ ორბელიანს, მას უგემოვნობას ნამდვილად ვერ დავწამებთ. ძნელი სათქმელია, რატომ ვერ შენიშნა ბარათაშვილის ნიჭი ისეთი ლექსების ავტორმა, როგორიცაა “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში” ან “ჩემს დას ეფემიას”.80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ტოტალიტარიზმის რღვევას რუსული ემიგრაციული პოეზიის გამომზეურება მოჰყვა. ემიგრანტი პოეტი ვლადისლავ ხოდასევიჩი არცთუ ისე ფართო წრეში იყო ცნობილი. მისი ლექსების სკეპტიკურ განწყობას თავიდანვე ცივად შეხვდა რუსი მკითხველი. მის შესახებ ამბობდნენ, ხოდასევიჩი იმათი პოეტია, ვისაც პოეზია არ უყვარსო. ანდრეი ბელი კი წერს: “მას არ მიიჩნევენ პოეტად, მე კი მინდა ხმამაღლა შევძახო, ეს არის ნამდვილი, ღვთისგან მადლიცხებული, თავისებურად უნიკალური პოეტიც კი”,  გასაგებია, რომ დღეს პროზაში “დიდი ნარატივების ჟამი გასრულდა”, მაგრამ იქნებ პოსტმოდერნული თვალთახედვით ლირიკული პოეზიის დროც მიიწურა? ან სხვაგვარად რომ დავსვათ კითხვა: იქნებ სადღეისოდ პოსტმოდერნული კულტურის შიგნით პოეზიის ვექტორი “ელიტარული მკითხველისგან” საბოლოოდ გადაიხარა “მასობრივი მკითხველისკენ”? და თუ ეს ასეა, ახალ თეორეტიკოსთა მიერ სახელდებულ პოსტინდუსტრიულ, მომხმარებელთა საზოგადოებაში ლირიკულ პოეზიას ესთეტიკურზე მეტად კომერციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ლირიკული პოეზიის კომერციულობა კი ძნელი წარმოსადგენია. მახსენდება ერთი ქართველი გამომცემლის ნათქვამი, პოეზიას ვერ გამოვცემ, კომერციული არ არის ე. ი. არ იყიდებაო. ამავე კონტექსტში ღიმილისმომგვრელად წამოტივტივდება მეხსიერებაში ანდრეი ვოზნესენსკის მრავალმნიშვნელოვანი სტრიქონები:

Ахматова не продается,

Не продается пастернак.

ლირიკული პოეზია, როგორც მუსიკა, თვითმკმარია, თავისი ნათებით გარშემოწერილია, იმთავითვე არა კომერციული, არამედ ესთეტიკური მნიშვნელობის მქონეა. ლირიკას მაგნეტიზმი უნდა ახლდეს. ლირიკა უაღრესად ფაქიზი სფეროა, ადამიანის უღრმესი განცდის ვერაბილაზაციაა. ცხადია, ეს ადამიანი რეალობაზე ორიენტირებული და ამისდა კვალად პოეზიაშიც იგივე რეალობაა უკუფენილი. პოეტის შთაგონებას და ლექსის განწყობას რეალობის აღქმა აღძრავს, რეალობაა ის გამღიზიანებელი, რომლის გამტარიც პოეტი და მისი ლექსი უნდა იყოს ე.ი. პოეტად ყოფნა თუნდაც უღმერთობის ყველაზე კრიზისულ ეპოქაშიც კი მედიუმად ყოფნას ნიშნავს, რაც ძნელი წარმოსადგენია დღევანდელ ჰიპერრეალობასთან, ვირტუალურ რეალობასთან შეხებისას. ზეჭარბი ემოციური მუხტი, ემოციური ტალღა შეიძლება მხოლოდ უშუალოდ ემპირიულ რეალობასთან კონტაქტმა წარმოშვას. ჭარბი ემოციური ტემპერატურის გარეშე კი პოეზია წარმოუდგენელია, ის წამსვე სხვა რაიმედ, ჩვეულებრივ პროზად ან დეკლარაციულ განაცხადად იქცევა, ისევე როგორც შადრევანი შეიძლება უბრალო გუბურად იქცეს. პროზად ქცევაა სწორედ დღევანდელი პოეზიის სავალალო მოსალოდნელი შედეგი.ნამდვილ პოეზიას არა რაღაც მზა რეცეპტი, არამედ ადამიანური ყოფიერების ყველაზე უფრო დაფარულ ფენებთან, სიღრმისეულთან შეხება წარმოშობს. სიღრმისეულთან შეხება კი ყოველთვის დრამატიზმით აღბეჭდილ განწყობას აღძრავს. სწორედ ამ დრამატიზმის სიხშირე ბადებს პოეზიას. პოეზიაში მთავარი ერთი რამაა: რაღაცას უნდა ამბობდე ძალზე მნიშვნელოვანს. პოეზია თავისებური აზროვნებაა. ლექსში, თუნდაც ტრადიციული ფორმით – რაღაცას უნდა ამბობდე სასიცოცხლოდ აუცილებელს. ყოველ სტრიქონს უნდა ჰქონდეს დატვირთვა და აუცილებლობით უნდა იყოს ჩაწერილი მთლიანობაში. პოეზია ძელგი ღვინოსავითაა, მაგარია და არ არის წყალწყალა. ბარათაშვილის ლირიკული რეფლექსიები, მისი მეტაფიზიკური განაზრებანი იმის ნიმუშია, თუ როგორ ვერ ითავსებს მაღალი ძაბვის ლირიკა წყალს.

ამის საპირისპიროდ თანამედროვე, – არამხოლოდ ქართული – პოეზიის მრავალსიტყვაობა, მანერულობა, თვალშისაცემი მიმბაძველობა, მოჩვენებითი სირთულე, ზერელობის მანიშნებელია, ფიქციაა, წყალია. ეს, რა თქმა უნდა, ყველა პოეტს არ ეხება, მაგრამ ასეთი ტენდენცია არსებობს.

პოეტის რომელიმე ერთი, თუნდაც პოსტმოდერნული სტილის, მსოფლმხედველობის სქემაში მოქცევა უბრალოდ არასწორი იქნება. მას, რა თქმა უნდა, შეიძლება ჰქონდეს ამ კულტურის ელემენტები, მაგრამ მხოლოდ ამით ფონს ვერ გავა. პოეტს მით უფრო ფართო დიაპაზონი აქვს, რაც უფრო ფართო კულტურული არეალიდან იკრებს საარსებო ძალას. ამავე დროს ის არამხოლოდ თანამედროვეობაშია განფენილი, არამედ არტეზიული ჭასავით სიღრმიდან მოიპოვებს საზრდოს. იგივე ბარათაშვილი თავისი განწყობით რომანტიკოსია, მაგრამ ის ქართველი რომანტიკოსია და თავისი მკვიდრი საყრდენები აქვს: ქართული ჰიმნოგრაფიული პოეზია და რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”.

    როგორც უკვე ვთქვით, არ შეიძლება სერიოზული პოეტი ერთი რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობის თეორიული დოქტრინით წარმართავდეს თავის შემოქმედებას. პოეტი თავისუფალია, მისი თავისუფალი შემოქმედებითი ნება დროსა და სივრცეშია გაშლილი. ამ შეუზღუდავი სივრციდან იკრებს იგი ძალას და ამავე სივრცეში აბრუნებს თავის გამონაშუქს. შეიძლება სხვადასხვა ეპოქაში პოეტის დანიშნულება სხვადასხვაგვარად ესმოდათ (წინასწარმეტყველი, მეხოტბე და ა. შ.), მაგრამ ეს მაინც ამ დანიშნულების დროებითი, შემოსაზღვრული გაგება იყო. მთავარი, თვისობრივი, აუცილებელი, მუდმივი ნიშანი პოეტისა და პოეზიისა ემანაციაა, ნათებაა, მაგნეტიზმია, სუგესტიურობაა. მას მხოლოდ ამ ნიშნით შეუძლია გაამართლოს თავისი არსებობა, მხოლოდ ეს ნიშანი სძენს პოეტს პოეტობას და პოეზიას პოეტურობას, ეს არის არსებითი. არადა, მკვლევარებს სწორედ ამ თვისების აღნიშნვა ავიწყდებათ, ხშირად კი ვერცკი ამჩნევენ ხოლმე მას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ამა თუ იმ შინაარსზე, რომელიც კონკრეტული ეპოქით იქნება განსაზღვრული და განპირობებული. უფრო სწორად, ეს შინაარსი იმდენად იქნება საწვდომი, რამდენად ნიჭიერიც არის პოეტი.პოეტის ნიჭიერება ირაციონალური ბუნებისაა და აუხსნელია. ამ ნიჭის მეშვეობით გრძნობა სასწაულებრივად განუზავდება ენას, სიტყვიერ მასალას. ეს ხდომილება არა ქიმიური რეაქციის, არამედ სასწაულის მსგავსია და იწვევს გამოსხივებას, ნათებას, ადამიანის ინტელექტზე და გრძნობებზე ზემოქმედებას.

XXI საუკუნის კულტურული საზოგადოება მწვავე ექსისტენციური კრიზისის ატმოსფეროში ცხოვრობს და წარმოუდგენელია, რომ შინაარსობრივად მძაფრი, რთული, მაგრამ სადა და ნათელი პოეზია არ იყოს მისი სულიერი მეგზური. ნამდვილ პოეზიას ტკივილი წარმოშობს და თვითონვეა ამ ტკივილის წამალი. ამიტომაც არ უნდა ჩაქრეს ეს უცნაური და მშვენიერი რამ – პოეზიის ნათება. არ უნდა იქცეს ლექსი მშრალ, თუნდაც “აქტუალურ” დეკლარაციად, რაც მისი სიკვდილის მომასწავებელი იქნება და რისი სიმპტომებიც დღეს გლობალური მასშტაბით უკვე თვალშისაცემია.


ავტორი: ანდრო ბუაჩიძე

Read Full Post »

ნინის ბლოგი   ♥ ♥

ყველაზე თავისუფალი , ყველაზე ყველაზე ჩემებური ბლოგი <3

ლამაზმანი

ჩემი საყვარელი ფილმი

თეკოს ბლოგი

თანამედროვე კაცის ,,ჯიბის წიგნაკი"

tamunaberianidze

Just another WordPress.com site

poezia

Just another WordPress.com site

მაკოს ბლოგი

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

My Blog

Just another WordPress.com site

Marrieqotolashvili's Blog

Just another WordPress.com site

ბლოგი, რომელსაც უყვარხართ !

სამყაროს რომელიღაც წერტილში ალბათ მეორდება ყველა ის შემთხვევა, ყველა ის მოძრაობა, ყველა ის სიტყვა და ყველა ის განცდა, რომელთაც დედამიწაზე ვხვდებით. დედამიწა მეორდება..