Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘პირადი წერილები’ Category

tumblr_n3x4kktqe81tp0a3so1_500.gif   როცა ოთახი სავსეა უშენობით, ჰაერზე მეტი სევდაა დაგუბებული, სულის ტკივილამდე მივდივარ და ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს… კარს აწყდება ათასი ფიქრი, ოღონდ ყველა შავთეთრი და რუხია, კუპრისფერია და ტკივილნარევი. მახველებს და აღარ ჩერდება ეს ოხერიც, მაიძულებს რომ ვისუნთქო, რომ არ გავიგუდო, არ მინდა სუმთქვა, არ მინდა არაფერი, არაფერი არ მინდა უშენოდ.. მე ხომ შენთვის ვცოცხლობდი, ვსუნთქავდი, ვიღიმოდი და ვწერდი…
აღარ მინდა, გათენება, ჩიტეების სტვენა, იმიტომ რომ დავყრუვდი და დავბრმავდი. გავიყინე. რატომ უნდა გადაგჩვეოდი? რატომ უნდა დამეკაეგე, შენ ხომ ჩემი პოეტი იყავი, ჩემი ღიმილის პოეტი, ჩემი ბედნიერების ზღვა და დაუსრულებელი სიფერადე..

   ამიტომ მგონია დღეს, რომ ყველაფერი ტყუილია დედამიწაზე, რომ ადამიანები თავს იტყუებენ ყოველ დღე, რომ ვითომ უყვართ…. ყველაფერი ერთი დიდი სიცრუეა და არარაა..

Read Full Post »

ძვირფასო მეგობარო აკაკი!

11 აგვისტოს, სამ საათზე გავდივარ თბილისიდან. მატარებლიდან ვუმზერ თბილისს და მიხარია, რომ მივჰქრი უხილავ სივრცისაკენ. მატარებელი მიჰქრის და მარცხნივ ტრიალებს მიწა. მივდივარ და მიმაქვს გული რუსეთისაკენ.

დღეა, ყარაიაზის ველზე დაფრინავენ მწვანე ფრინველები, რომელთანაც ვგრძნობ მეგობრულს და სულიერ კავშირს. დღეა და ვიღაც თათრის ბავშვი მიერეკება კამეჩს. ვხედავ, გრძელი მინდვრებია ირგვლივ და ყველგან მინდა დავაბიჯო ფეხი. მატარებლიდან ვხედავ სოფლებს, ძალიან მომეწონა დაბალი და პრიმიტიული სახლები. მინდა აქეთ ვცხოვრობდე, სადმე მიყრუებულ ადგილას და მიყურებდნენ ისე, როგორც ჩვეულებრივ და უბრალო ადამიანს.

მატარებელი მიჰქრის და ღამდება, ახლო სადგურიდან კრთის ელექტრონის შუქი. მე ვუმზერ ვარსკვლავებს; ვხედავ ლიანდაგის ახლო მდებარე სასაფლაოს, მარხია ვიღაც ადამიანები. დილა არის, შევდივარ ბაქოში.

საშინელია ეს რუხი ქალაქი. შესვლისთანავე ჩემს ყურადღებას იპყრობს ცამდე ამართული საყდრები. სადღაც ძინავს იდუმალებას. არის კვირა დღე, შევდივარ საყდარში. თითქოს მეორეჯერ დავიბადე, როდესაც ვუმზერ ჩემთვის სრულიად უცნობ მლოცველების სახეს. სწირავს ვიღაც ახალგაზრდა მღვდელი. ერთი მათგანი ძალიან ჰგავს ქართველს.

სრულიად უცნობი ხალხი დგას გარშემო და მიხარია. მესმის გალობა სხვანაირ და უცნობ ხმებისაგან შემდგარი. ”აქ რა გინდა შენ”, მეუბნება ვიღაც ქუჩაში მჯდომარე კაცი. მე ყურადღებას არ ვაქცევ. გავიარე უცნობი ბაღის კუთხეში. მესმის სხვა როიალის ხმა, ალბათ უკრავს ისეთი ქალი, რომელსაც ყავს მეგობარი და ვიღაც საყვარელი ადამიანი. ვიგრძენი სხვა ზარების აგონია.

ყველაფერი უცხოა ჩემთვის და ეს ქმნის სულ სხვანაირ განწყობილებას, რომლის ქაღალდზე გადატანა ძნელია. ხვალ საღამოს მივემგზავრები მოსკოვს; მე არაფერს ვამბობ იმ ჩემი დიდი განძის შესახებ, რომელიც შენ გაბარია.

ამ წერილს ვწერ ისეთ ოთახში, სადაც არასოდეს არ შევსულვარ.

მშვიდობით, მარადის შენი

ტერენტი გრანელი

ვნახე ზღვა, გემები დასცურავდნენ
როგორც გედები, და ზღვა შორიდან
შავად მოსჩანდა. ქარი აფრიალებდა აფრებს.

Read Full Post »

                     პოეზია უპირველეს ყოვლისა 

გავიარეთ 1921 წელი, ეს ფანტასტიკური კიბე მრავალი საბედისწერო და საშიშარი საფეხურებით. ქართველმა პოეტებმა მაინც იგრძნეს ფონი, რომელზედაც უნდა ჩატარებულიყო ჩვენი ახალი ხელოვნების დიდი მისტერია. მივდიოდით რა მომავალ საუკუნეთა დღესასწაულზე, გვევალებოდა ვყოფილიყავით მათი პლანეტარული ქაოსის ნამდვილი გამომხატველი, ერთის მხრით და ნაციონალური სახეების მძებნელი, მეორეს მხრით. გასული წელიწადი არ იყო სანატრელად ტკბილი, რომ ენაზე დაედნო რომელიმე მეათე საუკუნის წელიწადს, მაგრამ არც იმდენად მწარე იყო, რომ მის მოახლოვებისთანავე ტკივილებით გავბრუნებულიყავით.  ჩვენც ისე, როგორც მთელმა კაცობრიობამ, განვიცადეთ ეს ტკივილები, რომ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობის დროს შევიძლოთ მისი სიტყვაუთქმელად ატანა. გასული წელიწადი დემონიურად მიუძღოდა წინ მრავალ სამგლოვიარო პროცესიებს და აქ, დიდი მწუხარების გამო, ხშირად გივიწყებდა შენ, პოეზიავ, – საკუთარ თვალს მომავლისაკენ. 1921 წელს აკლდა ეს ცალი თვალი, მაგრამ ის მან განგებ დაიბრმავა, რათა მეტი სიძლიერე მისცემოდა მეორე თვალს; ამნაირი გარეგნობით იგი ნამდვილი მეფისტოფელი იყო მარაოებით მოსიარულე, რომანტიულ, ფერუმარილიან სხვა წელიწადთა შორის. ქართველმა პოეტებმაც ყველაზე კარგად იცოდნენ, რომ ბედნიერების მოსაპოებლად სრულიად საჭირო არ არის ყველა გამვლელს და გამომვლელს ასიამოვნო, გვეზიზღებოდა ყოველგვარი შემთხვევითი საქმე, რადგან მრავალი გამოცდილებით დავიტვირთენით, გონებამახვილი ერუდიტები შევიქმენით, მართალია, შეუბრალებელი მოსამართლე ვიყავით წარსულისა და სასჯელისთვის ვქმნიდით სრულიად ახალ კანონებს, მაგრამ ვცდილობდით არ დაგვეტოვებინა სამართლიანობის საზღვრები. წარსულის მიერ დალაქულ ძვირფას ფოლიანტებს არ ვხსნიდით, არ გვინდოდა მათი შეურაცყოფა, მაგრამ ლუქახსნილ რელიკვიებს არასდროს ხელახლა არ ვბეჭდავდით. პოეტები სვამდნენ საუკეთესო ღვინოს, წარსულისაგან გადარჩენილს, მაგრამ თვალყურს ადევნებდნენ თავიანთ თავს, რომ ღვინო არ მოჰკიდებოდათ. მათ ყოველთვის ახსოვდათ მოვალეობა და აწუხებდათ მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩვენი საუკუნე არც ვალებს იხდის, არც თავდებად უდგება ვისმეს მევალეების წინაშე. აი, XIX საუკუნეც. მან XX საუკუნეს საჩუქრად მოართვა მხოლოდ ერთი ზარმაცი ცხენი, ჩვენს საუკუნეს კი გაქანებული მერნები – ლურჯა ცხენები სჭირდება. ეხლა ეს მერნები დგანან ახალი ეპოქის  კარებთან და უცდიან გაბედულ მხედრებს. საქართველოში მხოლოდ ეხლა გვიახლოვდება სივრცე, შემოკლებული გიგანტური ნაბიჯებით: რადიო, უმავთულო ტელეგრაფი, აერო, ავტო, – მათი საშუალებით. საკითხი, რომელიც ეხლა ირჩევა ვერსალში, სამკვდრო-სასიცოცხლოა საქართველოსთვის. იგია ფონი, რომელზედაც საქართველოს ახალი პოეტი და გმირი შეჰქმნიან ახალ სიმღერებს, ახალ პოეზიას.

აქ პოეზიისათვის გაშლილია მეტად დიდ ასპარეზი. წარსულს ნურავინ თვლის უმნიშვნელოდ დაკარგულად. იმ უძველეს ღვინოსავით გამომდგარი ტრადიციის საფუძველზე, მასში ჩაცვენილ ნაძირალების ქიმიურად განადგურების შემდეგ, შეიქმნება ახალი პოეზია, ძველი რომანტიზმის განახლებული სულით (რომანტიზმი ყოველთვის იყო, არის და იქნება ხელოვნების ერთ უმთავრეს თვისებად) მოიფინება იგი მუსიკის სინათლითა და ფერადებით, აივსება ახალგაზრდული ძლევამოსილებით. მართალია, ჩვენმა დღეებმა არ იციან ნიუანსები, მაგრამ თანამედროვეობა აქანდაკებს თავის ხელოვნებას უშიშარი ხელებით, რომელიც გააოცებს ქვეყანას უდიდესი გმირობისა და რაინდობის მაგალითებით. ჩვენ ყოველთვის ვყოფილვართხალხთან, მაგრამ მომავალში მეტი სითამამით უნდა ვტრიალებდეთ ხალხში. იქ დაგროვილია უმრავლესი გრძნობები: წყურვილი სიყვარულის, წყურვილი ოცნების. ჩვენ მივსცემთ ხალხს ყველაფერს კეთილშობელურს, ახალ ეთიკას, ახალ წინასწარმეტყველურ განათებას პრობლემებისას, ჩვენ იქ მოვნახავთ ახალ ადამიანებს, რომელთაც ეზიზღებათ ყოველივე არაესტეტიური და მახინჯი, სწყურიათ თვითონ გაიქცნენ ხელოვნების საწარმოებად. ჩვენი დაახლოება ხალხთან გვიჩვენებს, როგორი სიხარბით ეწაფება იგი ყოველგვარ მხატვრულ სიტყვას. ხალხის სახელით, ჩვენ უნდა უარვყოთ კაფეშანტანების პოეზია; იგი დამახასიატებელია საშინლად დაცემის მდგომარეობის ხანისა, დეკადენსის. აქ პოეზია ხდება ”სკანდალების” ხელოვნებად, ისეთი ხალხის გამართობლად, რომელთაც არავითარი მორალური იდეოლოგია არ ახასიათებს, სრულიად უნდა გავთავისუფლდეთ აგრეთვე იმ კონსერვატიზმისგან, რომლითაც ნაწილობრივ შებოჭილია თანამედროვე შეგნება პოეზიისა. უნდა მოინახოს ახალი რიტმი სიტყვის მოძრაობისათვის და ერთი წამითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართულ პოეზიას აქვს თავისი ცხოვრება, თავისი ისტორიული პროცესი. გასული წლის განმავლობაშიაც შფოთიანი საქართველო ოცნებობდა იმ დროზე, როდესაც მას შეეძლებოდა ცხოვრება პოეზიის ცხოვრებით, ამქვეყნიურ სიმდიდრეთ ჩასთვლიდა თავისსავე სულს და იქნებოდა დასახლებული მხოლოდ ღირსებებით. ამნაირად, იგი არ ეძებდა მას, რისი მოპოვებაც შეუძლებელი იყო. ნამდვილი პოეტები იყვნენ ხალხში და იცოდნენ, წინასწარვე გაზომილი ჰქონდათ თავიანთი მიზნები, შედიოდნენ რა ახალ ტაძარში, არ ცდიდნენ მას, რაც დაცდილია, რასაც ამბობდნენ სიტყვით, ასრულებდნენ საქმითაც და ყველაფერი ნათლად ამტკიცებდა ასეთი გამოსვლის თანამედროვეობას. საუკუნე მომწიფებულია მათთვის, ვინც მიდის ხალხში, საუკუნე გათენდა  მათთან ართად და მათთანვე ჩაესვენება.

ქართველ პოეტებს სწყუროდათ მსოფლიო ხელოვანტა შეერთება. სურდათ ემღერათ ხელოვნების მსოფლიო ინტერნაციონალი, რომ ამ კოსმოპოლიტური მესსივით წავშალათ საზღვრები გუშინ და დღეს მეომარ ერთა შორის. ეხლა ეს მორიგ საკითხთაგანია.

ქართველ პოეტებს ისე, როგორც ყოველთვის, არც გასული წლის განმავლობაში აღიათ უღირსთაგან გადმოსროლილი ხელთათმანია.

რადგან საუკუნეების განმავლობაში თვლიდნენ სიამეყეს სიკვდილზე უმაღლესად, დიდებას ამა სოფლისას თვლიდნენ ამაოებათ და ახსოვდათ მხოლოდ დიდება მარადისი…

Read Full Post »

Wybie's

be careful what u write for

ნინის ბლოგი   ♥ ♥

ყველაზე თავისუფალი , ყველაზე ყველაზე ჩემებური ბლოგი <3

ლამაზმანი

ჩემი საყვარელი ფილმი

თეკოს ბლოგი

თანამედროვე კაცის ,,ჯიბის წიგნაკი"

maryalenn

სადაც ყოველთვის გელიან

tamunaberianidze

Just another WordPress.com site

poezia

Just another WordPress.com site

მაკოს ბლოგი

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

მუსიკოსის ბლოგი

"ტაში, მეგობრებო! კომედია დასრულებულია" - ბეთჰოვენი (უკანასკნელი ფრაზა)

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

Butterfly's Blog

... მშვიდი ცურვა ეიფორიაში...