Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘თანამედროვე პოეზია’ Category

დავით ლომაია დაიბადა 1993 წლის 21 იანვარს ქ.გორში.  მან წერა 13 წლის ასაკში დაიწყო. დავითმა პირველი კრებული სახელწოდებით -” ცხრამეტი”  გამოუშვა  2012 წელს. როგორც გორის ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირის პრეზიდენტი ბატონი დავით ახლოური იტყოდა:  “დათოს დიდი მომავალი აქვს.  ავტორი პოეტადაა დაბადებული, ღვთის მადლითაა მირონცხებული მისი თითოული სტრიქონი.  დანარჩენს ლექსები იტყვიან”.

 ლ ე ქ ს ე ბ  ი 

 

 ზამთარდახეული ქუჩა,
ბამბის ყვავილებით კერე,
ცივი სიცხეების მერე
ამინდს გაუსწორე თმები . . .

გარეთ – სიცივეა,დედა,
შიგნით – შენა ხარ და ვთბები.

 ცხრამეტი

ცხრამეტის გახდი, მეცხრამეტე შეირხა ტოტი
სიცოცხლის ხეზე ღმერთი რომ ჰყავს ფესვად და ფუძედ.
ერთმანეთისგან ცას და მიწას არასდროს ყოფდი,
თვლა არ გიყვარდა, (ამიტომაც იზრდები უცებ).

სახლიდან გასულს გაზაფხული გრჩებოდა უკან,
ზეცა მოგდევდა სკოლისაკენ მზისფერი ჩანთით,
შენ როგორც განძთან მისასვლელი პატარა რუკა,
უბრალო, მაგრამ სამყაროსთვის ძვირფასი ჩანდი.

ცისარტყელაზე სასრიალოდ დაჰყავდი წვიმას,
ეკიდე წვეთებს – გეშინოდა გაშვება ხელის,
ცხრამეტის ხარ და კვლავ ღრუბლების ბალიშზე გძინავს,
შენი გული კი ისევ ნამდვილ სიყვარულს ელის.

დრო გადის, მაგრამ ასე სწრაფად ვერ იგებ როგორ,
გიხდება კაბა, გვირგვინი და ვარდების ტახტი,
დღეს უფლისათვის ბაფთიანი პატარა გოგო,
ჩემთვის კი უფრო ცხრამეტი წლის პრინცესა გახდი.

 

ნოემბრის სუსხი 

ნუ  ვისაუბრებთ რაზეც ახლა ყველა საუბრობს,

უბრალოდ ლურჯად დაგუბებულ ზღვებში იცურე,

მოდი, შეხედე, რამხელაა ლექსის საუფლო –

ამოიკითხე თვალებიდან ჩემი სიჩუმე.

მთვარე სავსეა, მერამდენე ბოთლი მეცლება,

ქუჩის ძაღლივით შემეჩვია სახლში სიმთვრალე,

მოდი, ცოტა ხნით დავივიწყოთ დროის შეგრძნება,

მერე თუ გინდა ყველა წუთი წამში ითვალე.

ღვინოსთან ერთად შოპენი და ლისტი დამჩემდა,

თვლემენ თვალები უძილობით დაქანცულები

როს ყოველ ღამით შენი სახლის ციცქნა ფანჯრებთან

ჩემი ფიქრები ბავშვებივით დაბანცალებენ,

ეკიდებიან არგაცემულ პასუხს კითხვები,

ორივემ ვიცით მოუხდება ღამეს რა უფრო,

ნურაფერს იტყვი თვალებითაც უმალ მიხვდები,

რომ მინდა მხოლოდ სიყვარულზე გაგესაუბრო.

 

მონატრება 

არაფერი ყველაფერზე მეტი არი,

რადგან წვეთებს დანაკარგით ვაფასებთ,

მომენატრა ღამით შენში ხეტიალი,

და ლექსიდან გამორტყმული ნაფაზი.

არაფერი,  ბაფთიანი შემოდგომა,

მზესთან ერთად დაბრუნება სკოლიდან

ფანჯრებიდან მონატრებამ შემოთოვა

და უბრალოდ შენთან ყოფნა მომინდა.

 

სამადლობელი  

როცა იწყება ყველაფერი დასასრულიდან,

მაწვიმს სამყაროს გამომშრალი კანიონები,

ჩემი სიცოცხლით სიკვდილს ისევ საფლავს ვუთხრი და

სირთულეები უფრო მეტად მაიოლებენ.

ადგომას ვსწავლობ, როცა მიწას მუხლით ვეცემი,

ხშირად ვერ ვხედავ, თუმცა ვიცი, არ ვარ უთვალო,

მგლები მომრავლდნენ და კრავებიც გახდნენ მხეცები,

ახლა რომ ვსუნთქავ ამისთვისაც გმადლობ. უფალო!
 

 

წვიმა 

წვიმის სისველე ოთახში აღწევს,

არც დღეს ვაპირებ ძილს,

შენი გემო აქვს საბანს, სარეცელს,

ქუჩაში ისევ წვიმს…

მივყვები შენი კანის ქვაფენილს,

თმებზე წაქცევა მსურს

და  ვკრეფ შენს თვალებს თოკზე გაფენილს,

წამწამებს, ფიქრებს, სულს.

შენი ტუჩების სუნი მახელებს,

სუნთქვა ქარივით მხევს,

ვგრძნობ სიახლოვეს, მუხლებს, ბაგეებს,

გულზე დადებულ ხელს.

ჩემში ხარ,  ვნება დნება ბალიშზე,

ულექსო ფურცლებს ვწვავ,

შენი წყლიანი კოცნის გარეშე

უჰაეროა ცა,

წვიმის წვეთები მინდა დამეცეს,

არც დღეს ვაპირებ ძილს,

შენი გემო აქვს საბანს, სარეცელს –

ქუჩაში ისევ წვიმს…

 * * *

ზამთარია,

ქარი მიშლის ბაღში

თოვლის ხალიჩებს,

ქუჩაში კი თებერვალმა,

თეთრი ფიფქი მოცრა,

ისეთ ძლიერ სიხარულს

არაფერი მანიჭებს,

როგორც შენი ხილვა და

ცეცხლისფერი კოცნა.

თაფლიანი ლოყები

ეყინებათ ბეღურებს,

სოკოსავით იზრდება

აივნებზე ლოლო,

გეფიცები, ძვირფასო,

მაგ თვალების შემყურეს

მავიწყდება სიცოცხლის

საწყისი და ბოლო,

აი, უკვე საცაა

მარტი შემოაბიჯებს,

გაუჯდება ღეროებს

სასურვე…

 

 

ბავშვობის სურათი ( ეკას ) 

გაცრეცილ სურათს უყურებ,

ვიცი, ფიქრებით აივსე,

იხსენებ ძვირფას წუთებს და

თვალებს წარსულში ნაბავ,

შეხედე, მოგონებების

ამ უზარმაზარ საკიდზე

რა სწრაფად პატარავდება

შენი ბავშვობის კაბა.

ერთად რამდენი გვივლია,

ალბათ უფრო მეტს გავივლით,

ვერ შევუკარით ზონარი,

დარდში გაცვეთილ კეტებს,

ასე მგონია ღობესთან

ჩვენთვის ნაცნობი ყვავილი,

ხელიხელჩაკიდებულებს

ისევ ეზოში გვეძებს.

  
 

ავტობუსის გაჩერება (ბაქარს)  

ბალახებში შემძვრალი მწყრები ხეებს ჭორავენ,

იჟონება სიცრუე გარღვეული ჯიბიდან,

მთელი ჩემი ქალაქი,როგორც მოდის ჟურნალი

რაღაც მოჩვენებითმა სილამაზემ იყიდა .

გაციებულ გულებში სიბინძურე ბანაობს,

ფეხებშუა დაძვრება ერთმანეთის ღალატი

და ჩვენივე განავლით გაჭედილი ,,კანაო“

ალბათ მალე მიაღწევს ეკლესიის კარამდე.

ერთხელ გაზომილსა და ასჯერ გაჭრილ სამშობლოს,

მართლაც ჯორის ძალა და მოთმინება ჰქონია,

ერთმანეთის სახლამდე ნაბიჯები გვაშორებს,

ერთმანეთის გულამდე გაცილებით შორია.

სიჩუმისფერ მუსიკას შეერია ხმაური,

სავსე ნაგვის ბუნკერთან გემოვნება წკმუტუნებს,

ოჰ, რა მტკივნეულია შენს ქუჩას რომ ჩაუვლი

და იხილავ სიყალბით განათებულ უკუნეთს.

შეუფასებლობიდან ყველაფერი შეფასდა,

ძველებური პიესა ახლებურად პიესობს

და ყოველდღე ქალაქის ყველა გაჩერებასთან

ისევ ჯვარცმას მოელის ცრემლიანი იესო.

 

 

ზამთრის პატიმარი

უკვე მერამდენე დღეა ილუზიურ
ამინდს აავდრებენ ჩემი საფერთქლები,
ფიქრის თერმომეტრზე ცივი მინუსია
გარეთ ღიმილისფერ გუნდებს აფეთქებენ.

უკვე მერამდენე დღეა შენებურმა
სუნთქვამ სიმამაცე მინდა მაიძულოს,
შენი სიყვარული ისე შემეპურა,
როგორც ზიარების წმინდა საიდუმლო,

ბოთლით მოყუდებულ ღამის პოეზიას
ღრუბლის ძირებიდან წყალი შეუვიდა,
უკვე მერამდენე დღეა მომეჩვია
გრძნობა მოგზავნილი შენი სხეულიდან

ფიქრი საკანია სიტყვებშენისლული,
თოვლმა წინასწარი ლექსი შემიფარდა,
უკვე მერამდენე დღეა შემიძულეს,
უკვე მერამდენე დღეა შემიყვარდა…

 

 

საგზაო ნიშნები

ქალაქში ყველა ამკრძალავ ნიშანს
აკლია ერთი :
უშენობა

 

***

როცა თითები
სიყვარულის ცეცხლთან
თბებიან,
გულში მესობა
მზის სხივები,
როგორც ეშვები,
ასე ლამაზს და
ყვავილივით ასე ვნებიანს
ვეღარ გეშვები.

 

 

ვედები

ხმაურში მეტი სიჩუმეა,
ვედები კედლებს,
ზედმეტი ცოდნით გამოუწვარ
ყვითელ აგურებს.

ვედები ქალაქს,
სადაც თვალი არაფერს ეძებს,
გამაძღარ შიმშილს ვედები და
ლექსი მაპურებს.

ვედები ფერდებს ,
დალურჯებულ თავისუფლებას –
უსცენო თეატრს,
სადაც აღარ უშვებენ ფარდას,
ქალაქს,რომელშიც არაფერი არ იზღუდება
ხმაანთებული ფიქრისა და
სიმართლის გარდა.

 

 

 

 

Read Full Post »

მარიამ ლომთათიძე – დაიბადა 1997 წლის 21 ივნისს.. სწავლობს ქ.წალკის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასში.. 9 წელი იყო ანსამბლ “თაობის” მოცეკვავე და ანსამბლ “მტრედების” მომღერალი.. არის სამოდელო სააგენტო “კატრინის” ყოფილი მოდელი..მარიამი ძალიან  მხიარული  და კომუნიკაბელური გოგონაა, ამჟამად მხოლოდ სწავლითაა დაკავებული..

შემოქმედება

***

თითქოს,ოცნების ცაზე დავფრრინავ..
ისე ღიღინით მიდის დროება..
თითქოს, რაღაცა მწვერრვალს ავდივარ..
ისე იქცევა ჩემი გონება..
ვით ცისარტყელის ჭყეტელა ფერი
ისე ანათებს ეს ჩემი სევდა…
ნეტავი ფიქრით რატომ ვიძინებ..
ნუთუ, ეს ფიქრი ოდესმე მდევდა..
მინდვრებს და ჭალებს.. ხეებს თოვლიანს
დავირბენ მღერით..ღიღინით…დარდით..
მანამ ვიმღერებ, სანამ გზას თოვლით
არ მიმოვაფენ მელნისფერ ვარდით..
ნუთუ, გგონია როცა ვიღიმი,
ან არ მაქვს დარდი.. ანდაც ფიქრები..
ყოველთვის გეტყვით ჩემს გულის ნადებს..
თუკი, ხვალ ისევ თქვენთან ვიქნები..

“თუკი ასეა, მეც მეღიმება…”
თუკი ოდესმე დავხატავ დროს,
თუკი ფიქრები წამიყვანს შორს,
თუკი ოცნება მაჩვენებს გზას..
ნეტავ, ვიცოდე რას ვითხოვ..რას?!
ნეტავ, ეს გრძნობა სად იჩენს სახლს..
შენი თვალები მაჩვენებს გზას..
შენი ღიმილი დამაბნევს კვლავ..
ამ მონატრებას ვერაფრით ვკლავ..
თუკი ღიმილი დახატავს გულს..
თუკი ცრემლები გაფანტავს დროს..
თუკი იგრძენი ამით რა მსურს..
არ დაგივიწყებ მე არასდროს..
ვიცი, გგონია ხარ შენთვის, მარტო..
თუკი არ იცი რა მინდა გითხრა..
მაშინ, უბრალოდ მიღიმი რატომ?!
რატომ ვერ ხვდები , რომ მყავხარ წმინდა.

ნათლია…
შენ მაზიარე მამაღმერთის ჭეშმარიტებას..
გამომიწოდე გასაღები სამოთხის კარის..
შენი პირველი გაღიმება არ მავიწყდება..
შენ გზა მიხსენი…ამ გულისათვის მამა ხარ ლამის..
შენი მარჯვენა დაილოცა, ხელში რომ გყავდი..
ის უფლის სახლი დაილოცა, ჭერს რომ ვაპობდი..
რა მატირებდა?! არ ვიცოდი რა წყალსა ვსვავდი..
ეშმაკის ძალით სიწმინდიდან წასვლას ვლამობდი..
მაგრამ , აქა ვარ..შენც აქ მყავხარ, ღმერთმა მიმყოფოს
შენი თბილი და მაჭარივით ტკბილი ხელები..
შენ მაზიარე იმ ცხოვრების ნათელ ბილიკებს..
სანამ აქ მყავხარ მე მანამდე მოგეფერები..!

ქართველის გოდება..

არ დავანახოთ მტერს ერო
ხერხეულიძის სისხლი..
იმათ ნათელი ჰგონიათ,
ჩვენს ირგვლივ არის ნისლი..
არ დავანახოთ ქართველნო
მათ შუშანიკის ძალა..
წყნეთელის ცხენის ჭიხვინი
და ზეზვას თავის ქალა..
არ ვაგრძნობინოთ სისუსტე..

ვიღიმოთ მუდამ ლაღად..
მრავალჟამ ღმერთი გვფარავდეს,
სიკვდილს დავუხვდეთ საღად..
მრავალჟამ ”მრავალჟამიერ”
დიდგორს ისმოდეს ხმა..
ვაზი სულ მუდამ გვექნება,
არ დაგვეზაროს სმა..
მრავალჟამ ღმერთი გვფარავდეს..
ნიკოფსიას და დარუბანდს…
ეს სიხარულის ცრემლია, თორო
ქართველს მტირლისა რა უგავს..
უფალო ჩვენ დაგვიბრუნე
ეს აფხაზეთი წმინდა..
ღმერთო, შეგვედრებ მანახე :
მე მთელი ქართლი მინდა..
ჩვენი ტაო და კლარჯეთი..
ჩვენი ქართული მდელო..
ჩვენი კუთვნილი გარეჯი..
მთლიანი საქართველო..
უფალო, ღმერთო მაღალო,
მოგვეცი ძალა შენი..
და სამუდამოდ გვანახე
ეს წმინდა მიწა ჩვენი..
დედა..
მზე რომ ამოდის მთვარე ხუჭავს მინაბულ თვალებს..
მზე რომ ამოდის მთვარე ითვლის ხალისის წამებს..
მზეს უხარია ჩვენ რომ გვხედავს.ის კი არ იცის:
მისი ამოსვლა მიზეზია ჩვენი ხალისის..
მე ორი მზე მყავს..ორი ცა და ორი მნათობი..
ბედის ვარსკვლავი..ტკბილი დედა ჩემი არსობის..
ჯერ ის მიღიმის..ის მინათებს ცხოვრების უფსკრულს..
მზეზე ძლიერად მისი თბილი გული რომ უხურს..
გრძელი დღის მერე ჩემს დახეულ თათმანებს კემსავს..
ისე ტკბილია ეშმაკშიც რომ სიკეთეს თესავს..
ისე ლამაზი..ისე თბილი და სულით ძლიერიი..
ისევ ის გოგო..ჩემი ტკბილი და ვითომ ხნიერი..
ვგმობ !!სულის ფიცარი ჩატეხილია..
ციხის კარები გატეხილია..
ცრემლებს საზღვარი არ გააჩნიათ..
ასე უგრძნობნი რამ გაგაჩინათ..
ნუთუ სიღრმეში
მაინც არ გტკივათ..
თქვენ არ გყავთ ღმეთი?
ტკივილს ვერა გრძნობთ?
ნუთუ ჯობია დოლარი ერთი
რომ საქართველოს
ასე ტყულად თმობთ?
იქნებით ცაში..
იქნებით ღმერთთან..
მოგეთხოვებათ ყველაფრის გამო..
იქნება მაშინ მიხვდეთ რა ქენით..
იქნება სადღაც თქვა : ”არ აწამო”
დაგვიანდება იქ სინანული..
იქნება ერთხელ ქართლი მოგინდეთ..
იმის მაგივრად გესწავლათ ლოცვა,
ჩვენი შვილების გვამი მოგვიგდეთ..
21.09.2012

Read Full Post »

ნიკა ნორიელი დაიბადა 11 მარტს თბილისში,”ნორიელი” მისი ფსევდონიმია, რომელიც სპეციალურად კრებულისთვის შექმნილა და წარმატებითაც სარგებლობს. ნიკას ნამდვილი გვარი კი სომხიშვილია, წერს 2007-2008 წლიდან ,მარტი მისთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი თვეა, ნიკასთვის პოეზია უფრო სულის მდგომარეობაა ვიდრე სიტყვების ერთმანეთთან შეხამება.

შემოქმედება

ფუნჯად დავიხმარ სიტყვებს

ფუნჯად დავიხმარ სიტყვებს..

დიდი ხნის გაჩენილ მუზებს გადავხატავ ფურცელზე…

მერე მოგაშორებ დარდებს და ტკივილებს

მძიმედ, რომ დაგაწვნენ გულზე.

ისევ მინდვრებიდან მოგიტან გვირილებს,

გვირგვინად დაგადგამ თავზე.

მერე შენს ნაჩუქარ, უნაზეს ღიმილებს

მუზეუმს გავუკეთებ თვალზე…

მერე დაგანახებ ბედნიერ ფრინველებს,

თავისუფლები დაქრიან ცაზე…

როცა სიცოცხლე უდარდოდ იმღერებს

ერთად ვისეირნებთ ზღვაზე.

ერთად გადავლახავთ უამრავ სიძნელეს.

შენთვის ვილოცებ ხატზე…

თუკი მუსიკოსი ჩვენთვის წაიმღერებს,

ისევ დავსხდებით ნავზე…

და შენ იფიქრებ ყოველთვის კარგზე,

მე კი, დაგაკრობ გვირილებს თმაზე…

2007 წელი , როდესაც წერა დავიწყე

ნიჭი ვეძებე,მაგრამ ვერ ვნახე.

ვნახე,რაღაცა ნიჭის მაგვარი.

ზურგზე დავიდე,შევისისხლხორცე,

დავიწყე წერა და დავიკარგე.

გადავიკარგე,რაღაც უფსკრულში

სადაც ფერები ძალზედ მკვეთრია.

სადაც შევნიშნე შორით გოდება,

ცრემლთა ტბა ჩანდა,თუ მომეჩვენა?

გალაკტიონი იდგა მუხლებზე,  უ

ნდოდა ეთქვა,მაგრამ ვერ მითხრა.

მივხვდი,ამბობდა შენ ხარ ძლიერი,

ჩემი კალამი,შენმა შეცვალა.

მოვუთათუნე თეძოზე ხელი,

ამაყი სახით გზა გავაგრძელე

და ამ დროს,როგორც აფეთქებისას,

ჩემს წინ დაინგრა ყველა კედელი.

გამომეღვიძა,ვიყავი მარტო

და დარცხვენილმა ღერი მოვწიე.

ღმერთო ბოდიში სიამაყისთვის,

ადამიანებს შენ,რომ არგუნე.

ჩემი სიცოცხლის ეს ბოლო წუთი

ჩემი სიცოცხლის ეს ბოლო წუთი,

მინდა გავიდეს ძალიან ზანტად.

გავიხანგრძლივო მე შენი მზერა

და შენს ტუჩებთან სიმღერის მღერა.

მინდა გიყურო,გიყურო ისე,

თითქოს პირველად გიხილე ახლა.

აღფრთოვანებით და აღტაცებით,

ვნების წყურვილით და გაშმაგებით.

ვიხსენებ დღემდე განვლილ საათებს.

ბედნიერებას შენ მაზიარე.

გულში გაჩუქებ ფერად ალმასებს.

შენთან მოსვლამდე ბევრი ვიარე.

არ მინდა წასვლა,მე ვეღარ გწყდები.

რად მიმაჩვიე ასე,ტკბილ ბადაგს?

შენს სიახლოვეს ვიხილე ღმერთი,

ხელით შევეხე მაგ ლამაზ კაბას.

მერე ღმერთს ვთხოვე,დამტოვე კიდევ,

არ წამიყვანო ჯერ უცხო მხარეს.

მე მიხარია ყოველი დილა,

რომ ველოდები მე მისგან ალერსს.

სუფთაა გრძნობა,თანაც ულევი,

სიყვარულია თურმე კომპასი.

ჩვენ შევაერთეთ ჩვენი სულები

მინდა ვიძახო მი,ფა,სოლ,ლა,სი.

უფალმა მომცა ნება დარჩენის,

დამტოვა ასე შენს სიახლოვეს.

ჰოდა, ვიაროთ ერთად ყოველთვის,

ჩემი სიცოცხლე შენსას მოელის.

ღმერთს

ღამეებში ჩაკარგული ფიქრები,

მე ქარიშხალს გავატანე ფრთები.

შენი სახის ჩემი გამოგონება,

გადავტეხე უშენობის წლები.

ახლა დღეა თუმცა, მგონი, ბნელი,

მაგრამ მაინც, მაგრამ მაინც ვმღერი.

ამერია სათვალავი გრძელი.

შენ გარეშე ძნელიაო, ძნელი.

ყაყაჩოებს გაუვიდათ ფერი.

ამ ცხოვრების მალე გასვლას ველი,

გამითავდა მე მუზები ძველი,

ქვეყანაზე შენ ხარ ყოვლის მქმნელი.

მაპატიე ეს ამდენი წელი,

შენთან ყოფნა ოცნებაა ვრცელი.

შეისმინე ეს ვედრება ჩემი,

ღმერთო ჩემო, მხოლოდ შენ მიშველი…

ღამის ფიქრები

რა ლამაზია ცის ლურჯი ფერი

და ვარსკვლავების ციმციმი ნელი.

ღამით ქუჩებში, მომღიმარ ხალხში,

დაბადებული გრძნობები მწველი.

მბჟუტავი შუქი, ნათება თეთრი,

ლამპიონების კისკისი მორცხვი.

შეერთებული გულების ლოდი

და დაბეჭდილი მოცარტის ნოტი.

მოსული მუზა, კალმები ხელში

და დაწერილი ლექსები სვეტში.

პიკასო ფიქრი, რემბრანდტი ფუნჯი

და დაკიდული სურათი ლურჯი!

შენთან გავჩნდები

მე შენთვის ავაშენე ედემის ბაღები,

თითქოს წაიქეცი, მაგრამ არ ვარდები.

ნისლში თუ თოვლში შენთან მოვფრინდები.

ქარში თუ წვიმაში მე შენთან გავჩნდები.

ღამით სასთუმალთან გვერდით მოგიჯდები.

სიზმრებში მეც შენთან ერთად ავგორდები.

მინდორში შენსავით რბილად გავგორდები.

ცხადში კი სხვებივით გიჟი აღმოვჩნდები.

ჩემი ცხოვრებაა ციფერი ფიქრები,

ჩემი ფიქრებია ღვინო და სიტყვები.

ამ სიტყვებიდან ვერაფერს იგებდი,

სცენის ბოლოს კი ჩემს გვერდით იქნები

შენ

მე ხომ გიჟის შემოვიცვი მანტია,

ღამეები ღვინის სმაში ვათენე

და სანთელი ჩემთვის აღარ ანთია,

იარაღში ჩემი ტყვია გავტენე.

აღარ მინდა, მე ხომ არად მარგია,

ბოჰემოური გარყვნილება ვამღერე.

სიყვარული ზოგჯერ მხოლოდ დარდია,

ერთი წამი ერთ წუთამდე გავწელე.

უსულო ვარ, ხორცში მარტო ლანდია.

თეთრი სიბრტყე ამ სიტყვებით გავბერე.

ამ ბაღნარში მხოლოდ შავი ვარდია.

მე ედემის ყვავილები გავთელე.

ღამით მთვარე, რა ლამაზად ანთია…

კვლავ ახალი სტრიქონები დავწერე.

ის ლამაზი, ის ხომ მართლაც კარგია.

სიძულვილი სილამაზედ ვაქციე.

ტვირთის თრევა, მგონი ჩემი ვალია.

მე აზრები  ცუდი აღარ ვანთხიე.

შორს რომ მოჩანს, ის მიზანი ქალია.

ამ სიტყვებში ბევრი ხალხი გავრიე!

ჩემი ერი

იასამნის ლურჯი ფერი,

ასფალტია ნაცრისფერი.

ზეცა არის ხშირად სერი.

ტვინი არის ყველაფერი.

არაფერში ყველა ფერი,

მოყვითალო, ვარდისფერი.

ფიქრი არის მშვენიერი,

ხალხი იყოს ბედნიერი.

ქუჩაშია სადღაც ბერი,

ცარიელი მონასტერი.

გალაკტიონს უყვარს მერი.

ასეთია ჩემი ერი!

სიცოცხლე მინდოდა

გულის ძგერის ხმა მესმოდა,

მატარაბელი მიჰქროდა,

ქუჩაში ქალი ტიროდა,

მე კი სიცოცხლე მინდოდა…

სილაში ბავშვი მირბოდა,

მოხუცი სადღაც ფიქრობდა,

მიწას საფლავი იფლობდა,

მე კი სიცოცხლე მინდოდა…

გოგოს ყვავილი მიჰქონდა,

ალბათ უნდოდა, იწვოდა,

წინას უკანა უძღვოდა,

მე კი სიცოცხლე მინდოდა…

სიყვარულს გული ითხოვდა,

ყვავილი ფუტკარს იკრობდა,

მე კი არავინ მინდობდა,

თუმცა სიცოცხლე მინდოდა…

♥♥♥

Read Full Post »

რატი დაიბადა 1977 წლის 30 მარტს თბილისში . 2000 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ფაკულტეტი.
რატი ამაღლობელის ლექსები 1994 წლიდან პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ ლიტერატურულ გამოცემებში.
ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” რედაქტორი – 2010–2011წწ.
ატარებს ყოველკვირეულ ღია ლექციებს “წიგნის სახლში”.
საზოგადოებრივი რადიოს ლიტერატურული გადაცემის, “ხმების ისტორია” წამყვანი – 2005–2010წწ.

“გაზაფხულის უვერტურა”

ისევ მაისობს სამაიის ისამანი,
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება.
დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე,
ისევ მაისობს სამაიის ისამანი.
ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება
და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი.
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი.

* * *

დილა ცისკენ კიბე-კიბე აივლის
ბაღში ჩრდილი წამოწვება აივნის
მინდა სივრცე მცირესა და უვრცელესს
დღეებს შორის იწვეს როგორც უცვლელი.
ცა ნისლი თუ ცარიელი ფურცელი
მზე პირს იბანს ქალმა ხელი მოკიდა,
სველ თეთრეულს წვიმს სარეცხის თოკიდან.
ღამე ფანჯრებს სართულ-სართულ დაივლის
ფრთხილად შევა სახლში ჩრდილი აივნის.

***
მივატოვე ბეთსაიდა
შენთან მოვხვდი ვერსაიდან.
გულო, ვიცი სამსხვერპლოზე
ისააკის ბედს აიტან.
მივატოვე სამარია,
მზის შობა და ცა-მარიამ.
შუბლი ისევ გოლგოთაა,
გული ისევ სამარეა.
მივატოვე მეტანია,
ბეთბაგე და ბეთანია,
სამსხვერპლოზე ჩემი ბაღის
სევდა ამომიტანია.
მივატოვე ნაზარეთი
ვით სნეულმა ლაზარეთი
გზა გასამდა: მარიამით,
მართათი და ლაზარეთი.
მივატოვე, მომიტევე,
შენთან როგორ მოვიდე მე.
შენს მაცნეებს მაინც ვცნობდე,
ღამეს შუბლთან რომ მითევენ.
მივატოვე ბეთსაიდა,
შენთან მოვხვდი ვერსაიადნ.
გულო, ვიცი გოლგოთაზე
უკვე ჯვარცმულ
ბედს აიტან.
***
არანაირი ცის
არანაირი ჰაერი, და გახსენება სხვის
არანაირი მსურს,
ცრის.
მოწყენილობამ ინება
ჩემში თავნება დინება,
დამევანება ზმანებად და ნისლი მომეფინება
ცის.
ცა – ცარიელი რვეული,
ცა – თეთრეული ეული
მზის,
ჩამორღვეულა ძირს,
წვიმს.
შავეთის ღია კარი
ვნახე და ხელი ვკარი,
თვალი გავაღე და მე
ტანზე გავიძრე ღამე
ძლივს,
წვიმს…

Read Full Post »

 ჯუნა ნონიაშვილი დაიბადა 1994 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ კასპში .ამჟამად სწავლობს კასპის #1 საჯარო სკოლაში,11 კლასში.ჯუნა აქტიური და კარგი მოსწავლეა.მას ძალიან უყვერს მხატრული ლიტერატურა. ის ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სალიტერატურო და სამხატვრო, ასევე ინტელექტუალურ შეჯიბრებში.თუმცა მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას აირჩევს მომავალში.ჯუნამ პირველი ლექსი “ნაცნობი”15 წლის ასაკში დაწერა.მე მსურს შემოგთავაზოთ ამ ადამიანის ლექსები.

      მიმაჩნია, რომ უნდა გაიცნოს ხალხმა მისი შემოქმედება


                      

                                                                              ლექსები

                 

                         ნაცნობი

” ნაცნობი ქუჩის , ნაცნობ ბილიკებს

ნაცნობი მზერით რომ გაუყვები.

ნაცნობ აივანს ნაცნობი მზერით,

როცა შეხედავ დაიღუპები!

როცა მთის ბორკილს ასწყვეტავს ქარი

და გამოჩნდება ცაზე მზის ალი,

ნაცნობ სიმგერას გაიგებ ისევ,

ქალი გეძახის მიყვარხარ ისევ.

ნაცნობ აივანს ნაცნობი ქალი,

რომ დაამშვენებს ნაზი ღიმილით,

ნაზ მოგონებას აღგიძრავს გულში

ნაცნობი სიტყვა ჩაგესმის ყურში.

როცა მთის ბორკილს ასწყვეტავს ქარი

და გამოჩნდება ცაზე მზის ალი,

ნაცნობ სიმღერას გაიგებ ისევ ,

ქალი გეძახის მიყვარხარ ისევ!

        

          

             მე გავექცევი 

მე გავექცევი სიმარტოვეს,

უსასრულობას თვალს გადავავლებ

კვლავ ჰორიზონტს ცაზე აგმავალს.

შენ წარმოგიდგენ კვლავ მომცინარს,

ისევ პატარას, ისევ მოგიძღვნი ჩემს გულს ფიქრში

ნეტავ სადა ხარ?!

         

            

           ამით  ვხარობ

როცა სიბნელე სიჩუმეს ერწყმის

და აღარ მოსჩანს სხივი ეული,

მე შენი გული მიცემს ჩემს გულში

და ამით ვხარობ ვარ ბედნიერი!

 

 

“რა დამავიწყებს”

რა დამავიწყებს

მე შენს მოწერილ,

ფიქრში წვალებით

მოგონილ ლექსებს,

თეთრი სანთლის შუქს

ღამის წყვდიადში

მოეალერსე

შენს ლამაზ თვალებს,

მე შენთან ერთად

გატარებული,

ყოველი წამი

თვალწინ მიდგება.

ახლა, ამ წუთას

როგორც ყოველთვის,

მაშინ, როდესაც

ცაზე ბინდდება!

Read Full Post »

ჯუბა ხაინდრავა დაიბადა ქ.თვილისში 1995 წლის 16 სექტემბერს. მისი ოჯახი  სოხუმიდანაა. ჯუბა ბავშობიდან შეყვარებულია წიგნებზე, უყვარს რუსული და იაპონური ლიტერეატურა, რათქმაუნდა ქართულთან ერთად. წერაზე მეტად კიტხვა უყვარს. ჯუბა ამ ჟამად არის გიმნაზია ” შავნაბადას ” მოსწავლე         


                             შემოქმედება

დასრულების

თოვლი ამ ბაღში, ნოველაა მხოლოდ და მხოლოდ.

შენ დგახარ, როგორც არმოსული დღეების მძიმე,

დაუნდობელი განაჩენი. ეს თეთრი მოლი

უბრალოდ ძველი სიმღერაა, რომ მიკლავს იმედს,

მიკლავს სიზმრებსაც, მიკლავს უფალს და უფრო ვხვდები,

რატომ მიყურებ, (რატომ ძერწავ ფოთლებით იმ გზას,

სადაც შემორჩა ხმელი თივა და ჩემი ძვლები)

ასეთ დროს როგორ ემსგავსები იესოს იგავს,

როგორ მოდიხარ, როგორ ნელა და ვიმტვრევ დარდებს,

როგორც დასჯილი მდუმარება შორეულ ხედის.

მე ვხედავ თოვას. მე ვხედავ და ეს თოვლი დადებს,

უწინდებურად, ჩემს წინ მდგარი ხეების გვერდით.

შენ უფრო ასე,

არ დამტოვებ,

შენ უფრო მაცლი

ცხოვრებას დაღლილ მევენახეს, მანახებ ხელებს

და მათი თბილი ჩაჭიდების, დაკოცნის ნაცვლად,

მე ჩამოვჯდები, ვილოცებ და ყველაფრის მერე

შემრჩები, როგორც სილამაზე, სიკეთე, დაღლა.

წახვალ და ზამთრის დაბერების სურვილში გავძლებ.

არაფერია. მე დავრჩები მინდვრების მაღლა

და ბალახის სუნს დავიტოვებ ქვებისფერ კანზე .

     ენკენისთვეები

რც არაფერი, ფოთლებია და მინდვრის სოლო.

ჩემი პირველი მეგობარი, სექტემბერისთვე.

შენ იძახი, რომ ფარდებიან ქალაქის ბოლოს

ყველა გამოვა სახლებიდან, მაგრამ ბევრისთვის

ეს სიგიჟეა, როგორც ჩვენი პატარა სახლი.

ჩვენი სიზმრების დასასრული, გარდა ერთისა,

როცა შენს თვალებს სამაროვან სიჩუმეს ვახლი,

როცა მაღვიძებ, როცა ვხვდები, როცა მეღირსა

სითბო. თავიდან დაიწყება დღეების რიგი.

ვან ვეი, დუ ფო, შავოსანი დედების კალთა.

ამ იშვიათი ქარების და წვიმების იქით

მე დილის პირზე გადმოვივლი ბალახის კართან

და ნახავ ხელებს, ცივ ხელებს და თვალების თიბვას,

რომ დაისვენონ წამებმა და ბოლოჯერ დაწვნენ

ჩვენს მხრებზე. თითო–თითო თოვის ფრაგმენტი მიმაქვს,

რომ არ უარვყო აღარავინ და იყო აწდა

მარადის აქ. ვინც შემიბრუნებს ფანჯრებთან დილას

და აპობს იქვე მოსულ ნიავს, ცივსა და მრუდეს,

როდესაც გარეთ ხიდებია, როდესაც თბილა

და ჩემს ალაგთან შემოდგომას დასაბამს უდებს .

***

ისე მტოვებ და ისე მიდიხარ

ამ ფანჯრებიდან და ცივ ხიდებზე

წახვედი. მცივა, მცივა დიდიხნით,

უკვე ძმებიც რომ ვეღარ მიგებენ.

მე გუგულების ქვეყნის ცა მინდა,

წასვლა უაზროდ, წასვლა იმედით.

გარეთ იმტვრევა ამ თვის ამინდი,

და ჩემს თავამდე ჯერ ვერ მივედი.

არადა ფარდის მიღმა მიყურებს

ქალი, რომელიც ადრე მიყვარდა.

გულზე დავიწყობ ჯვარის ფიგურებს,

ელი შემინდე, ახლა მიზანთან

ისე ახლოა ჩემი ცხოვრება,

რომ ვიცი უფრო დიდ ხვედრს ავიტან.

ბეღურებს სარჩოს ვენათხოვრები

და გვიან ღამით გავალ სახლიდან.

შენ, საყვარელო, ალბათ სულ მალე

დამტოვებ. ძვლებში მირტყამს ციება.

შენ, როგორც ურჩი პოეტის ქალი

უღმერთობასაც გაპატიებენ.

ხო, როგორც ამ წლის პირველი მართვე

ჩემი მარტია ჩემი ცოდვებით.

და სხვებზე ადრე წასული მგზავრი

თაობებს აღარ ვემახსოვრები…

მუხბე

ქარი მდევარივით მომდევს,

ღამეს ანაფორა მოსავს.

ბაბა ჩამოჯდება ლოდზე

ჩუმად წაიკითხავს ლოცვას.

უკან მომტირიან მთები,

ძველი აკლდამები დუმან.

ბოლო პოეტივით ვკვდები,

მუხბე რაღა ვუთხრა უფალს ?

წამო, გამომყევი მზისკენ,

წამო, მიატოვე ფარა !

ჩვენ, რომ არ ვიქნებით იქნებ

სხვამაც ააკივლოს ქარი.

სადღაც დაიძახეს “ლილე”

თვალწინ ჩამომენგრა ოდა.

მე, რომ ცას ვუხსნიდი ღილებს

თოვდა, უსაშველოდ თოვდა.

საით დავმტვრიო მხრები

მუხბე, აცამტვერეს ყანა.

მთაზე ნამიანი ჯვრები

შვილმკვდარ დედებივით დგანან.

აღარც კერიაა თბილი,

აღარც ბეღელი და ჩერო.

ვივლი, ოდნავ მარჯვნივ ვივლი,

მთებს, რომ გადავიდე მერე.

მუხბე აღარ მინდა, არა !

წავალ,ვეომები მყინვარს,

სოფელს სქელი ნისლი ფარავს

და მე გადაფრენა მინდა.

ახლაც ძველ იმედებს ვეძებ,

მზესთან შემომხვდება ალბათ.

მინდა გადმოასკდეს ქედებს

ჩვენი ზარიანი ლახვბა.

ერთი ქოხი მინდა მთაში,

მეტი არაფერი მუხბე.

თოვდეს თუ გინდოდეს მაშინ,

ქუხდეს, მთელი ღამე ქუხდეს.

ისევ შევერიე ფარას,

ქარი თავისას არ იშლის,

ჩვენც სხვა პოეტების დარად,

წავალთ გავქარწყლდებით ნისლში.

აღარ გვეხსომება ბებო,

ბაბუს გაუცურდა თოხი.

ახლა რომ შემეძლოს ძმებო,

ღმერთსაც პატიებას ვთხოვდი,

ამ მთებს, ამ გორებს და ცხენებს,

ღამე რომ გარეკეს ველად.

ვიღაც დიდ სიყვარულს ეძებს,

ვიღაც განთიადზე ღელავს.

აღარც კერიაა თბილი,

აღარც ბეღელი და ჩერო.

ვივლი, ოდნავ მარჯვნივ ვივლი,

ისევ ძმობაზე რომ ვწერო .

          

Read Full Post »

როინ აბუსელიძე   დაიბადა 1988 წლის 25 ივლისს ქალაქ ბათუმში, 2005 წელს დაამთავრა ა.წერეთლის სახელობის 22-ე საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა ბათუმის შ.რუსთაველის სახელობის სოციალურ მეცნიერებათა და კულტურის ფაკულტეტზე, ჟურნალისტის სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა 2009-ში.

  ჰყავს დედა, ორი და, ძმა, მეუღლე და ერთი შვილი. არის მწერალთა კავშირის წევრი, ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემიის პირველი ადგილის მფლობელი და “ლექსების გამოფენის” პირველი ადგილის მფლობელი. მუშაობს “საკუთარ თავში” 

                                                 შემოქმედება


 

 მიკრობალადა

  I

დღე იყო ცივი და უტყუარი,

ამინდმა ზეცა კარგა ხანს ნაღმა,

მერე კი როგორც უცხო სტუმარი,

პირველი თოვლი დაკბინა ძაღლმა.

ხოლო ქარიშხალს _ ამინდის ბოცმანს,

თითქოსდა სურდა ბიბლიის კითხვა

და ეკლესიის ეზოში ლოცვა,

მივიწყებული ლექსივით ითქვა.

ავსებდა ზეცა საღამოს ხურჯინს,

გელოდებოდი ხელში ტიტებით,

შენ კი იდექი მუნჯივით მუნჯი

და ცრემლში ტაძრის ეზოს იტევდი.

                           I I

გიცქერდი, როგორც ქალაქს ტურისტი

უცქერს, ვერა და ვერ ჩაგიკალი

გულში, მერე კი შენი გულისთვის,

თითქმის ოთხი თვე მეცვა სტიქარი,

რომ დამეოკა ჩემი – მინდები

შენდამი, თუმცა ვეღარ გეღირსე

და მაგონდება რომ მაგ თითების

სურნელი ჰქონდა იმ დღეს სეფისკვერს,

როცა ღრუბლები – როგორც მგზავრები,

ხატავდნენ თავის თავს და ალიონს,

როცა ბავშვები გამოჯავრებით

ამბობდნენ – ნახე, მუნჯი ქალიო…

და იცინოდნენ… და შენ და თოვლი

იყავით თითქოს გარიყულები,

მრევლს კი ვარდისფერ ბურთებად აჩნდა

სახეზე სუსხის ალიყურები.

                       I I I

გაზაფხულს მიჰყვა სითბო და მარტის

გიჟი ამინდი, ერკელიები,

მე ვლოცულობდი და ამის გარდა,

მაინც ვერაფრით ვერ გელეოდი,

ხოლო აპრილში ისევ ისეთი

იყავი – მარტო,  უფრო მარტივი,

სველი თვალებით წირვას ისმენდი

და ხატის გვერდით ჩანდი ხატივით

და სწორედ მაშინ მორიგი ფიცი,

უფლის წინაშე დავდე ხელახლა,

რომ წავიდოდი  ტაძარში მიწყივ

ბერად,  შენ ოღონდ გელაპარაკა.

ასე გათენდა აღდგომის დილა,

როგორც მორიგი კვირის ციტატა,

მე – ქრისტე აღსდგა – გითხარი ფრთხილად,

შენ მიპასუხე – ჭეშმარიტადო

და თითქოს გული გამისკდა, შემდეგ

გაკვირვებულნი დავრჩით ორივე,

ასე ვიგონებ იმ წამებს დღემდე

მე უკვე უფლის მონა – მორიგი.

                         IV

ვითვლიდი ორ წელს როცა ბერობის,

სრულად შეცვლილი ცხოვრების რიტმით,

მაგონდებოდი და გარდერობი

შენზე ლექსებით ავავსე თითქმის.

ერთ დღეს ტაძარში ველოდი დედებს

მოწყენილი და დაღლილი ერთობ,

ლოცვისას წამით გამექცა თვალი

და მონაზვნებში გიცანი!…

ღმერთო.

ისე შეცვლილი მეჩვენე მაშინ,

როგორც პირველი ჩვენი მარტის თვე

და ისეთი რამ ჩამიდგა ტანში,

რომ მთელს ტაძარში ვერ დავატიე,

გარეთ ამინდი იდგა უხეში,

სულში წვეთავდა თითქოს მირონი,

შემდეგ ჩამჯდარი ტაძრის კუთხეში,

მახსოვს ძალიან მაღლა ვტიროდი.

                           V

ასე გავიდა ორმოცდაათი

წელი, ფიქრებით, ლოცვით, ჭიდილით

და ამ უაზრო დროის ნარატივს,

გადადებული შევრჩი ხიდივით.

სიყვარულმა კი გაუბედავავად

პარალელური გზებით გამისწრო,

რის შემდეგ უკვე ვეღარ ვხედავდი,

სარკეში ჩემს თავს – როგორც მაგისტროსს

და ყველა ღამე, გაუთევარი,

უნდა მემალა გრძნობით დაწერტილს,

შემრჩა ლექსებით სავსე მდღევარი

უარაფერო და აღარცერთი.

მახსოვს ცასავით ჩაქრა თვალებ

ცაც ჩამოვარდა თითქოს ციდანვე,

იმ ღამით შენი გარდაცვალების

ამბავი როცა ამოიტანეს…

შემდეგ დავტოვე უფლის საუფლო

და გავიყოლე წარსულის გემო

და იმ დღის შემდეგ აღარ ვსაუბრობ

და იმ დღის  შემდეგ მუნჯი ვარ ჩემო!…

საბას

მამ, დღეს თერთმეტი რიცხვი არის აგვისტოს და ე.

ი. ერთი წელი შეგისრულდა… ხოლო მე ვცდილობ,

რომ შენთან ერთად ბედნიერი გამოვჩნდე შვილო

და ჩემი თავი მანაღვლებდეს ნაკლებად დაე.

ყოველთვის სევდის უხილავი სამოსი მეცვას,

ვიყო უძილო ღამეების მსხვერპლი და მონა,

მზეს როცა უცქერ მგონია რომ იხსნება ზეცა

და შენს თვალებში სულ ოდნავი უფალი ჟონავს.

მამ, გავა ეს დრო, ეს წამები, წვიმები, წლები,

ეს ღამეებიც ტიტრებივით გაივლის, გავა,

ხოლო შენ ახლა ჩემს მკლავებში დაღლილი წვები

და მე კი ასე შენს საწოლთან ძილივით ვდგავარ.

 

8 აგვისტოსადმი

“ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას”

ვაშა ფანტანებს, ფეიერვერკს, სტინგს და ენრიკეს,

მომექცეს ღამე ისე როგორც მიშას ენებოს

და ვაი იმას ვინც ამ ქართულ საქმეს ვერ იგებს.

ვაშა გადათხრილ ბათუმს, ქუჩებს, ვაშა ნაშობას,

ვაშა ყველაფერს რასაც აწი აღარ გკითხავენ,

ალბათ წინსვლაა როცა უკვე ომის გარეშე

და ტაშ-ფანდურით სამშობლოს რომ ცხვირწინ გიტყნავენ.

ვაშა ინგლისურს, ვაშა თურქულს, ვაშა რესტორნებს,

ღამის კლუბებს და დისკოთეკებს, ფილმებს ტიტრიანს,

ვაშა მომავალს, მასმედიას, ყველა მედროვეს,

ვაშა იმ ვაშას სულ ბოლოს რომ ვაშას იტყვიან.

ვაშა “შერატონს” ვაშა ქუჩას, ქუჩას – შეიხის,

ვაშა მეჩეთის მშენებლობას, ვაშა – ბედიც რომ

ასეთი გვაქვს და ვაშა მოჭრას “ძველი ხეების”

ვუი კინაღამ დამავიწყდა, ვაშა – “რედისონს”

ვაშა ლუდის სმის აკრძალვას და ვაშა ქვეყანას,

ჰოდა მომექცეს ღამე როგორც მიშას ენებოს,

ვაშა ყველა ბრძენს, ყველა უგნურს, ყველა მკვეხარას,

„ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას.“

 

მიდიხარ

ვიცოდი ამდენს ვერ გავუძლებდი,

იქნებ აქამდეც ჯობდა მეტირა,

მიდიხარ.

შენი წვრილი ქუსლები

აჩნდება ნერვებს მრავალწერტილად.

მიდიხარ.

ჩემს თავს ვეღარ ვერევი,

წყდება ფეხის ხმა სადღაც კარს იქით,

მინდა სიკვდილი და ეს ნერვები,

ხელში მიჭირავს კონტარაბასივით.

თან ვხვდები  ღამით დავიბოღმები

და სულის ყველა კარებს ჩავრაზავ,

მინდა გამოგყვე და ვერ მოგყვები,

რადგან

მიდიხარ.

ისე ლამაზად.

 

ეს ლექსი

ეს სიცხე – მორიგი დღეების ბათმანი,

უცქერ და ვერაფერს ვერ ამჩნევ გარედან,

ზაფხული მწამს ჩვენი გრძნობებით გათბა ნინ

და ახლა ისე ვართ არ გვყოფნის პლანეტა.

სული იხუთება და უკვე რამდენი

თვე არის რაც ასე ვბერდებით შიგნიდან,

მე ისევ მიყვარხარ და ისევ ცამდე ნინ,

წყენას კი წერისას ფრჩხილივით ვიკვნიტავ.

მომბეზრდა ამდენი უაზრო ლოდინი,

უშენო დღეებიც შემძულდა საშინლად

და როცა ვიჩხუბებთ უბრალოდ მოდი ნინ,

ეს ლექსი გახსოვდეს, ეს ლექსი მაშინაც.

      

გახსენება  (აჩის)

ვეღარ ვუმკლავდები სურვილს,

ყარდაშ, ტკივილები მახლავს,

წვება ფორთოხლების სუნი,

ჩემი პოეზიის დახლთან.

წლებმაც სიმხურვალე მისცა,

მაშინ აფეთქებულ კოცონს,

იცი მემედ ბიძას ციცა,

ახლა ისევ ისე მომწონს.

ნენეს წყევლაა თუ ლოცვა,

ბუხრის გემრიელი  ბოლი,

ზვინში დასწავლილი კოცნა

ჩვენ და ფორთოხლების თოვლი…

–  

ფიქრით მივუყვები ქალაქს,

გულში “განდაგანას” ვმღერი,

ნაფაზს დავაყოლე უხვად

ქუჩის უფერული მტვერი.

 

 

პეტრე

მესმის მარტივი რომ არ არის

ასე მოხვეჭა

სახელის ღმერთთან,

მთელი რწმენის

მრწამსით შეკონვაც,

ვიცი ფიქრობდი

ყური იმ დღეს

შენთვის მოგეჭრა,

შემდგომში

მამლის ყივილი რომ

არ გაგეგონა…

 

თვალსადახელშუა

თვალსადახელშუა გაიარა ასაკმა ესენინის,

შეძელი შვილთან ერთად ჩემში პოეტი რომ გეშვა,

ლექსი, სიყვარული, წუხილი, ოცნება – ესენი ნინ

ბავშვივით გაგვეზარდა ამ ბოლოს თვალსადახელშუა.

თვალსადახელშუა გაიარა ასაკმა ტიციანის,

რამდენჯერ ვუმეგობრე სურვილში დამარცხებულ ეშმას,

ცამდე რომ მიყვარხარ ლექსების გარეშეც იციან ნინ,

ხოლო შენ ლექსებით შეგიყვარდი თვალსადახელშუა. 

თვალსადახელშუა გულს ვირგებ ამ ბოლოს ცხრასაკნიანს,

მე ჩემი გავლენის და ღმერთის გავლენის ქვეშ ვარ,

ახლა რომ შენ გიძღვნის სტრიქონებს ეს ჩემი ასაკია

და ასე მიფრინავს ეს ჩემი ასაკიც თვალსადახელშუა.

Read Full Post »

Older Posts »

Wybie's

be careful what u write for

ნინის ბლოგი   ♥ ♥

ყველაზე თავისუფალი , ყველაზე ყველაზე ჩემებური ბლოგი <3

ლამაზმანი

ჩემი საყვარელი ფილმი

თეკოს ბლოგი

თანამედროვე კაცის ,,ჯიბის წიგნაკი"

maryalenn

სადაც ყოველთვის გელიან

tamunaberianidze

Just another WordPress.com site

poezia

Just another WordPress.com site

მაკოს ბლოგი

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

მუსიკოსის ბლოგი

"ტაში, მეგობრებო! კომედია დასრულებულია" - ბეთჰოვენი (უკანასკნელი ფრაზა)

თათიას ბლოგი ♥♥

მიყვარხართ და მიჩუქნია ეს სიყვარული თქვენთვის ! ♥

Olley

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას , შენი ცხოვრებაც ისე იქნება

Butterfly's Blog

... მშვიდი ცურვა ეიფორიაში...